ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის აშშ-ში გამოსვლის დროს აზერბაიჯანის საელჩომ ოკუპაციაზე ჰაერში ტრანსპარანტები გაუშვა

23 სექტემბერი, 2019 •
ფაშინიანის აშშ-ში გამოსვლის დროს აზერბაიჯანის საელჩომ ოკუპაციაზე ჰაერში ტრანსპარანტები გაუშვა

ნიკოლ ფაშინიანის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, აშშ-ში, ლოს-ანჯელესში ვიზიტისა და სომხური დიასპორის მიერ გამართულ სადღესასწაულო მიტინგზე გამოსვლის დროს, აზერბაიჯანულმა მხარემ, კერძოდ ლოს-ანჯელესში აზერბაიჯანის გენერალურმა საკონსულომ, ჰაერში ინგლისურ ენაზე ტრანსპარანტები, წარწერით «Karabakh is Azerbaijan! End the Occupation», გაუშვა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, მსგავსი აქციის მიზანი იყო “ადგილობრივი მოსახლეობის ფართოდ ინფორმირება სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის შესახებ. დღის განმავლობაში ჰაერში გაშვებულმა ტრანსპარანტებმა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი გამოიწვია”.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, აღნიშნული ტრანსპარანტების გარდა, მთელი დღის განმავლობაში ქალაქში მოძრაობდნენ სპეციალური ავტომობილები ციფრული პლაკატებით და აზერბაიჯანის 20% -ის ოკუპაციის შესახებ ამსახველ ინფორმაციას ადგილობრივებს აწვდიდნენ.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი