პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის აზრით, მომავალმა პარლამენტმა კონსტიტუციური რეფორმის გზით უნდა გააუქმოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები და მათ ნაცვლად შექმნას მრავალმხრივი ნდობის მქონე 12-15 მოსამართლისგან შემდგარი ერთი სასამართლო.
უსუფაშვილის თქმით, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ასეთ მოდელს დაუჭერდა მხარს, თუმცა სხვა გზას ვეღარ ხედავს.
“ქართულ მართლმსაჯულებას დღეს თვით თემიდას მოსამართლედ დანიშვნაც კი ვერ გააჯანსაღებდა. ეს იმიტომ, რომ სნეულების წყარო მოსამართლეების დამნიშნავ ერთმმართველობაშია, რომელიც თვით თემიდასაც კი მორჩილების ვირუსით დააინფიცირებდა, თვალებს ლიდერისკენ მიაპყრობინებდა და მახვილს მისი მზერის მიმართულებით მოაქნევინებდა. გამოსავალი ერთია. მომავალმა პარლამენტმა კონსტიტუციური რეფორმის გზით უნდა გააუქმოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები და მათ ნაცვლად უნდა შექმნას მრავალმხრივი ნდობის მქონე 12-15 მოსამართლისგან შემდგარი ერთი სასამართლო. ეს სასამართლო იქნება უმაღლესი საკასაციო ინსტანციაც და კონსტიტუციური კონტროლის ორგანოც”, – წერს დავით უსუფაშვილი.