ახალი ამბები

განათლების სამინისტრო: ხვალიდან მოვიკვლევთ, როგორ მოხვდნენ მოსწავლეები სააკაშვილზე გადაღებული ფილმის ჩვენებაზე

15 მარტი, 2015 •
განათლების სამინისტრო: ხვალიდან მოვიკვლევთ, როგორ მოხვდნენ მოსწავლეები სააკაშვილზე გადაღებული ფილმის ჩვენებაზე

როგორც ასათიანმა ნეტგაზეთს განუცხადა, თუ დადასტურდება, რომ ფილმის ჩვენებაზე მოსწავლეების მისვლის ორგანიზებაში განათლების სამინისტროს რომელიმე თანამშრომელი მონაწილეობდა, “შესაბამისი რეაგირება ექნებათ”. რა იგულისხმება რეაგირებაში, ასათიანს არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ საუბარია კანონით გათვალისწინებულ ზომებზე. 


“უქმეების გამო დღეს და გუშინ ჩვენ ამ საქმისთვის ოფიციალური მსვლელობა არ მიგვიცია, მაგრამ ხვალიდან მინისტრის ბრძანებით ამ საქმეზე დაიწყება მოკვლევა. აუცილებელია დადგინდეს, როგორ მოხვდნენ ბავშვები ამ ფილმის ჩვენებაზე. თუ გამოვლინდა, რომ ორგანიზებაში რაიმე სახით ჩართული იყო ჩვენი უწყების ნებისმიეირ თანამშრომელი, აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება”, – განაცადა ასათიანმა ნეტგაზეთთან საუბარში.


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკოლის მოსწავლეები ზემოხსენებული ფილმის პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ, ტელეკომპანია “ოდიშმა” გაავრცელა. ტელევიზიის სიუჟეტში ზუგდიდის მე-4 და პირველი სკოლის მოსწავლეები ამბობებნ, რომ ისინი ჩვენებაზე სკოლის მასწავლებელმა [დამრიგებელმა] მიიყვანა, თან ისე, რომ წინასწარ შეადგინა სია და ბავშვებს ხელი მოაწერინა იმის დასტურად, რომ მათ ნამდვილად სურდათ იქ მისვლა. ამასთან, ბავშვების განმარტებით, მასწავლებელს მათთვის არ უთქვამს, რომ ფილმის სანახავად მიდიოდნენ. ერთი მოსწავლის თქმით, მასწავლებელმა უთხრა, რომ გამგეობასთან იგეგმებოდა შეხვედრა, ხოლო მეორე მოსწავლის თქმით, ღონისძიების მიზანი თვითონ მასწავლებელმაც არ იცოდა.

 

“ოდიშის” ცნობით, ზუგდიდის კულტურის ცენტრ ოდიშის დარბაზში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის („სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა“) ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი, ყოფილი პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე იყო. “ფილმის ჩვენებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული ოცნების მხარდამჭერები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი