ამის შესახებ ჟურნალისტებს ბექა ბასილიამ ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განუცხადა:
“ბრალდების შინაარსი არ შეცვლილა, უბრალოდ, ბრალდების მუხლები დაამძიმეს, კერძოდ, გიგი უგულავას ბრალი ედებოდა 333-ე მუხლის პირვეელი ნაწილით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დღეს კი მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით მას ახალი მუხლები დაუმატეს. კერძოდ, საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 194-ე მუხლებზე. ამას აქვს ერთადერთი მოტივაცია, რომ ისინი შევიდნენ სასამართლოში გიორგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. პატიმრობის 9-თვიანი ვადა გიგი უგულავას 2 აპრილს ეწურება და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით პროკურატურა აპირებს, რომ გიგი უგულავა კვლავ იმყოფებოდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში”, – განაცხადა ბასილაიამ.
საქართველოს პროკურატურაში გიგი უგლავასთვის ბრალის დამძიმების საკითხზე კომენტარი ჯერ არ კეთდება. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე სპეციალური განცხადება გაკეთდება.
2014 წლის ივლისში მთავარმა პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია იმედში შეჭრის და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ბრალდებით ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა, მასთან ერთად ბრალი წარედგინათ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერ გიორგი უგულავას.








