ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, პროკურატურა უგულავას, მერაბიშვილს და კეზერაშვილს ბრალს დაუმძიმებს

13 მარტი, 2015 •
ადვოკატის თქმით, პროკურატურა უგულავას, მერაბიშვილს და კეზერაშვილს ბრალს დაუმძიმებს

“დავით კეზერაშვილს უმძიმებენ ბრალს 7 ნოემბრის საქმეზე, ხვალისთვის პროკურატურას დაგეგმილი აქვს ბრალდება დაუმძიმოს გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს. ამას აქვს ერთადერთი მოტივაცია, ეს არის პოლიტიკური მოტივაცია. პროკურატურა გიგი უგულავას უმძიმებს ბრალს არა იმიტომ, რომ ფაქტობრივი საფუძველი აქვს, არამედ იმიტომ, რომ ხელახლა მოითხოვონ მისთვის პატიმრობის შეფარდება. გიგი უგულავას 2 აპრილს გასდის წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა, პროკურატურას ამოცანად აქვს დასახული, რომ გიორგი უგულავა არ გათავისუფლდეს. არც ერთ საქმეზე არ ესწრება განხილვების დასრულება. მეტიც, სასამართლოში წარმოებული საქმეები მიდის გამამართლებელი განაჩენისკენ. პროკურატურას აქვს შიში, რომ გიგი უგულავა აპრილის დასაწყისში გათავისუფლდება და ამის არდასაშვებად პროკურატურა მიდის კონსტიტუციის აშკარა დარღვევაზე”,– ამბობს ბექა ბასილაია. 

 

2014 წლის ივლისში მთავარმა პროკურატურამ  2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია იმედში შეჭრის და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ბრალდებით ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა, მასთან ერთად ბრალი წარედგინათ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერ გიორგი უგულავას. 

 

გიგი უგულავას მიმართ სასამართლოში რამდენიმე საქმე იხილება, თუმცა უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის 9-თვიანი ვადა აპრილში ეწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი