“მართლაც გამაოგნებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხეს ოპოზიცურმა ძალებმა. თუ ისინი რეალურად არიან დაინტერესებული ხალხის მდგომარეობით და რეალურად განიცდიან იმ ყოფას, რომელიც დღეს არის საქართველოში, წლების განმავლობაში დაგროვებულ პრობლემებს, თუ ისინი რეალურად განიცდიან, მე მინდა მათ მივმართო, რომ შეწყვიტონ აჟიოტაჟი. გუშინ ვიხილეთ, რომ ცივილურ ფორმებში შედგა საკომიტეტო მოსმენა. ვნახეთ, რომ ეკონომიკის მინისტრი იყო წარმოდგენილი და ფინანსთა მინისტრი. მათ ყველა კითხვას გასცეს პასუხი და ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. გასულ წელს იყო ძალიან პოზიტიური წელი, მაგრამ წელს, ვინაიდან მთელს მსოფლიოში რთული ვითარებაა, განსაკუთრებით ევროპაში და ჩვენს სამეზობლოში, რუსეთსა და უკრაინაში, ჩვენ ვართ პატარა ეკონომიკა და ვერ ვიქნებით გამონაკლისი. პატარა ქვეყანა ვართ და, ბუნებრივია, მიერთებული ვართ მსოფლიო ეკონომიკასთან.
ეს არის ჩვეულებრივი ფარისევლობა, რასაც ისინი აკეთებენ. ისინი არ არიან დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ბედით, მათი პრობლემებით. მათი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო დაძაბონ არსებული ვითარება ქვეყანაში. ეკონომიკას სჭირდება მშვიდი გარემო, რეალური ქმედება, და არა აჟიოტაჟი და გაუგებარი ყვირილი, რომელიც არავის არ სჭირდება. მოგიწოდებთ ყველას, არა მხოლოდ ოპოზიციას, ასევე ჟურნალისტებს, რომლებიც ჩართული ხართ ამ ქაოსში და ქმნით რეალურ ქაოსს ქვეყანაში. ეს არის ჩემი რეალური მოწოდება და მე გთხოვთ, ვინც ხართ დაინტერესებული, თუ რას აკეთებს მთავრობა ამ სიტუაციიდან გამოსვლის კუთხით, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოთ”,-ამბობს ღარიბაშვილი.
პარლამენტის რიგგარეშე სესია, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით დღეს, 12 საათზე იყო დანიშნული, კვორუმის არქონის გამო ჩაიშალა. პარლამენტის რიგგარეშე სესია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დანიშნა მას შემდეგ, რაც “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებს შეხვდა .მარგველაშვილმა გაიზიარა “თავისუფალი დემოკრატების” პოზიცია, რომ რიგგარეშე სესიაზე უნდა იმსჯელონ ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სესიაზე უნდა მისულიყვნენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
რიგგარეშე სესიაზე დასწრებას არ აპირებდა საქართველოს მთავრობა. საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ პარლამენტარებთან მათ გუშინ უკვე იმსჯელეს საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
გუშინ, 12 თებერვალს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დეპუტატებთან შეხვედრა გამართეს.