ახალი ამბები

ომბუდსმენი მოქალაქეზე პოლიციის მხრიდან შესაძლო ზეწოლის გამოძიებას ითხოვს

13 მარტი, 2015 •
ომბუდსმენი მოქალაქეზე პოლიციის მხრიდან შესაძლო ზეწოლის გამოძიებას ითხოვს

ომბუდსმენის ცნობით, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბრალდებულმა ბ.რ-მ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბარში განაცხადა, რომ 2014 წლის 20 ნოემბერს ბაღდათის რაიონის ერთ–ერთ სოფელში მეგობართან ყოფნისას დღის 12.00 საათზე შსს-ს ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და ტყეში წაიყვანეს, სადაც, როგორც ბ.რ აცხადებს, პოლიციელები რამდენიმე ქურდობის ფაქტის აღიარების მიზნით, დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მასზე ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებდნენ. მოგვიანებით ის ბაღდათის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს დაკითხვაზე, რა დროსაც გამომძიებლები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

 

სახალხო დამცვლის ოფისის ცნობით, ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორში არსებული დოკუმენტების მიხედვით, ბ.რ–ს განთავსების მომენტისთვის აღენიშნებოდა: ექსკორიაციები მარჯვენა ყურზე და მუცლის მარჯვენა მხარეს, ასევე მცირე ზომის ჭრილობა ზედა ტუჩზე შიდა მხარეს. მისი განმარტებით, აღნიშნული დაზიანებები მიიღო დაკავებამდე ტყეში, ბაღდათის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ცემის შედეგად. დაკავებულის სხეულზე არსებული დაზიანებები დაფიქსირებულია ასევე ექიმის მიერ ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შესახებ ცნობაში და ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო დოკუმენტებშიც.

 

წამების ან არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, პროკურატურის ორგანოებმა უნდა აწარმოონ მიუკერძოებელი, ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება ამგვარ ქმედებებში მხილებული პირების გამოსავლენად, აცხადებს სახალხო დამცველის ოფისი.

სახალხო დამცველის აპარატი
სახალხო დამცველის აპარატი

მასალების გადაბეჭდვის წესი