თბილისის მერიამ ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის“ მშენებლობისას აღმოჩენილი დარღვევების გამო მშენებარე კომპანიას “ტიფლის ბიზნეს ჯგუფს” ჯარიმა დააკისრა, ხოლო ხარვეზების გამო მათ მშენებლობის გაგრძელების უფლება არ ჰქონდათ. სასტუმროს ტერიტორიაზე მოსულმა ინვესტორმა განმარტა, რომ არანაირი მშენებლობა არ მიმდინარეობს და მუშები მხოლოდ ამ ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობენ.
“მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მითითებულ დარღვევებს ვასწორებთ. რაც შეეხება ჯარიმას, რომელიც დარღვევების გამო დაგვეკისრა, ჩვენ ის უკვე გადავიხადეთ“, – განაცხადა “ტიფლის ბიზნეს ჯგუფის“ დირექტორმა ნიკოლოზ ფორჩხიძემ.
როგორც “ნეტგაზეთთან“ საუბარში ნატა ფერაძე ამბობს, მას შემდეგ, რაც თებერვალში მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითებების გამო მშენებლობა შეწყდა, დღეს ტერიტორიაზე პირველად გამოჩნდნენ მუშები. იგი თვლის, რომ ხარვეზების გასწორება მშენებლობის განახლების წინაპირობაა.
“გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს ხარვეზების შესწორება, თუმცა რისთვის? იმისთვის, რომ განალხდეს მშენებლობა. როდესაც ჩვენ აქ ბოლოს შევიკრიბეთ, სამუშოები შეწყდა, იმის მერე არავინ არ გამოჩენილა. ამ ტერიტორიას უნდა გაანებონ თავი და ეს ადგილი დაუბრუნონ მუნიციპალურ ტერიტორიას. მერია გვეუბნება, რომ საქმე გადაეცა სასამართლოს. სასამართლო უკვე ძალიან გაიწელა..ზუსტად არ ვიცი, თუმცა, რამდენადაც ჩვენ შემოვლითი გზებით გავიგეთ, ინვესტორს მერიასთან მოლაპარაკება აქვს, რომ შემცირდეს პროექტის მოცულობა. თუმცა რეალურად ხარვეზი თვითონ ეს მშენებლობაა“ , – განაცხადა ფერაძემ.
“პარტიზანმა მებაღეებმა” მერიის ზედამხედველობის სამსახურიც გამოიძახეს, ადგილზე მისულმა მთავარმა სპეციალისტმა, ირაკლი ტრაპაიძემ განმარტა, რომ მერიას სამართლებრივი ბერკეტები მშენებლობის შესაჩერებლად ამოეწურა:
“გამოსულია მშენებლოს შეჩერების დადგენილება და გადაცემულია აღსრულების ბიუროში. ჩვენ სამართლებრივი ბერკეტები ამოწურული გვაქვს და ძალისმიერი მეთოდებით მშენებლობას ვერ შევაჩერებთ, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობენ“, – განაცხადა ტრაპაიძემ.
“პარტიზანმა მებაღეებმა” მშენებლობის ადგილზე მდებარე სკამზე ცოტა ხნით თავი მიიბეს. ნატა ფერაძის თქმით, ეს იმისთვის გააკეთეს, რომ პოლიციას მარტივად არ შეეშალა მათთვის ხელი.