კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, GDS-მა საკითხის არსებითი განხილვის სხდომამდე კომისიაში ახალი წერილობითი განმარტება წარმოადგინა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტექნიკური მიზეზების გამო კომპანია 2015 წლის თებერვლამდე ვერ უზრუნველყოფდა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პროგრამების სრულყოფილად მომზადებას.
ამის გამო GDS-მა მოითხოვა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება, რაც კომისიამ დააკმაყოფილა. კომპანიამ თავისი კუთვნილი №B15 და №B125 ლიცენზიების სპეციალიზებული („გასართობი“) ტელემაუწყებლობიდან საერთო ტელემაუწყებლობაზე მოდიფიცირების მოთხოვნით კომისიას 2014 წლის 13 ოქტომბერს მიმართა.
2015 წლის 4 მარტს ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე შეჩერებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების განახლების თაობაზე შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-მ კომისიაში ახალი განცხადება წარმოადგინა, რის საფუძველზეც განხორციელდა №B15 და №B125 ლიცენზიების სპეციალიზებული („გასართობი“) ტელემაუწყებლობიდან საერთო ტელემაუწყებლობაზე მოდიფიცირება.
კომისიამ ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 24 ოქტომბერს დაიწყო.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და არასამთავრობო ორგანზიაცია “მოქალაქის” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ექსპერტთა ჯგუფთან ერთად აპირებს, რომ ტელეკომპანია GDS-ის ეთერით საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა “2030” წაიყვანოს.