ახალი ამბები

საქართველო: საბაჟო შეთანხმებაზე სერგეი ლავროვის განცხადება მისი ინტერპრეტაციაა

13 მარტი, 2015 •
საქართველო: საბაჟო შეთანხმებაზე სერგეი ლავროვის განცხადება მისი ინტერპრეტაციაა

“აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, რომლებიც ჩვენი აზრით შესაბამის კომენტარს საჭიროებს. ბ-ნი ლავროვის განმარტება წარმოადგენს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმების ცალმხრივ ინტერპრეტაციას და ეწინააღმდეგება მის არსს.


შეთანხმება დადებულია საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის,უკანონო ვაჭრობის აღკვეთის, მათ შორის არსებული ტვირთბრუნვის აღრიცხვის მიზნით და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდების ტრანსპარენტულობის მუხლის უზრუნველყოფას ემსახურება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ლავროვის განცხადების საპირისპიროდ შეთანხმება სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას ემსახურება და მისი ძირითადი არსია ტვირთების უკანონო მოძრაობის აღკვეთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე – შეთანხმებით განსაზღვრულ სატრანსპორტო კორიდორებში”, – აცხადებს ოფიციალური თბილისი.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, შვეიცარიულ კომპანია SGS-ის საბაჟო საქმიანობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას არ შეეხება. როგორც ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, 2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიებს ეხება 2008 წლის აგვისტოს შემდგომი საზღვრებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი