ახალი ამბები

კვირიკაშვილის გეგმა –როგორ აპირებს მთავრობა ლარის გამყარებას

12 მარტი, 2015 •
კვირიკაშვილის გეგმა –როგორ აპირებს მთავრობა ლარის გამყარებას

კვირიკაშვილის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით ეროვნული ვალუტა 23 %-ით გაუფასურდა., მინისტრმა 3- პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რომელიც ეროვნულ ვალუტას უფრო გაამყარებს, რადგან იმ ფაქტორებს გააუმჯობესებს, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნული ვალუტის გამყარებასთან. 

 

მინისტრის მიერ გაცხადებული გეგმა 3 მონაკვეთს მოიცავს. პირველი, მოკლევადიანი გეგმა 2015 წლის მარტი–ივნისის მონაკვეთს გულისხმობს, საშუალოვადიანი გეგმა 2015 წლის ბოლომდეა გაწერილი, ხოლო გრძელვადიანი გეგმა 2015–17 წლებზეა გათვლილი. 

 

მოკლევადიანი და საშუალოვადიანი გეგმა, კვირიკაშვილის განცხადებით, გულისხმობს საპრივატიზაციო ობიექტების დაჩქარებულად რეალიზაციას, ტურიზმის წახალისებას, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, ინვესტორებთან გაძლიერებულ რეჟიმში ურთიერთობას, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და ბიზნესის მასტიმულირებელი საკანონმდებლო ცვლილებებიას მიღებას. 

 

“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 20–მდე მსხვილი აქტივის პრივატაზაციიდან მოკლე ვადებში ვგულისხმობთ 300-მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვას, რაც პოზიტიურად იმოქმედებს ეროვნული ვალუტის გამყარებაზე”– განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 

მისივე თქმით, პრივატიზაცია, რომელიც დაჩქარებული წესით განხორცილდება, არ იქნება მხოლოდ მონეტარულ ეფექტზე გათვლილი და საინვესტიციო ვალდებულებითაც იქნება დატვირთული.  უკვე გაცხადებული შენობების გარდა სახელმწიფო ყიდის სასტუმრო კომპლექსს გუდაურში, “გრუზვინპრომისა” და აკურას” ღვინის ქარხნებს, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს, ყოფილი რკინიგზის შენობას, ყოფილი ნარკოლოგიურის შენობას, წყალტუბოს სანატორიუმებს, თბილისში არსებული მიწის ნაკვეთებს, რომლებიც მიმზიდველია სასტუმრობისთის მშენებლობისთვის. 

 

რაც შეეხება ტურიზმს, ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ აქტიური მარკეტინგული და პიარკამპანია იგეგმება ტურიზმის კუთხით. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ტურიზმის განვითარებისთვის ქვეყნის მასშტაბით იგეგმება მასშტაბური კალენდრის გაკეთება საერთაშორისო კონცერტებისა  და ფესტივალებთან დაკავშირებით. კვირიკაშვილმა ასევე დაასახელა 3 დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის შემოყვანასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მათ შორისაა ეარ–ბერლინი. კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან 2014 წელს მიღებული სავიზო რეგულაციების გამარტივებაც იგეგმება:

 

“გადაჭარბება მოხდა ბიუროკრატიის გართულების კუთხით და ვფიქრობ, ჩვენ ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადავდგათ. მომზადებულია პაკეტი და ჩვენ თხოვნა გვექნება, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს ამ პაკეტის მიღება”– მიმართა დეპუტატებს კვირიკაშვილმა. 

 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა აქტიურად გამოიყენებს საერთაშორისო ფორუმებს ინვესტიციების მოსაზიდად. მისივე თქმით, მთავრობას ახლო კომუნიკაცია ექნება ბიზნესთან დაკავშირებით სხვადასხვა რეგულაციის გახმიანების მხრივაც:

 

“უნდა ვაღიაროთ, რომ კომუნიკაცია ბოლო პერიოდში იყო პრობლემატური, არასწორი მესიჯები გავიდა ბიზნესის მიმართულებით. შემდეგ ბევრი ასეთი ხარვეზი იქნა აღმოფხვრილი. ამ ტიპის კანონმდებლობა შეჩერებული იქნა შუა გზაში, მაგრამ ეს უკვე იყო ხარვეზი და ეს უნდა ვაღიაროთ, კომუნიკაციის გაუმჯესება აუცილებლად მოხდება ბიზნესთან და ახალი რეგულაციების ზემოქმედების შეფასებების სისტემა იმუშავებს”. 

 

რაც შეეხება გრძელვადიან გეგმას, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, იგეგმება  გადასახადების ლიბერალიზაციის კუთხით მნიშნელოვანი ცვლილებების მიღება და მთავრობის მიერ ისეთი ბიზნესის წახალისება, რომელიც არა მხოლოდ იმპორტის ჩანაცვლებაზე იქნება ორიენტირებული, არამედ ექსპორტზეც. 

 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანი რყევები ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით წლის განმავლობაში მოსალოდნელი არ არის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი