ახალი ამბები

90-იანების დასაწყისში ბიზნესი რუსეთში იყო სულ სხვა – ჯაფარიძე ივანიშვილზე

18 სექტემბერი, 2019 • 1657
90-იანების დასაწყისში ბიზნესი რუსეთში იყო სულ სხვა – ჯაფარიძე ივანიშვილზე

თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესზე საუბრისას ამბობს, რომ “90-იანი წლების დასაწყისში ბიზნესის კეთება რუსეთში სულ სხვა რამ იყო“.

ჯაფარიძე ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში საკუთარ გამოცდილებაზე ჰყვება და ამბობს, რომ მან და ხაზრაძემ “სხვა ტიპის კომპანიები შექმნეს“, რომელიც გამოირჩეოდა გამჭვირვალობითა და მართვის თვალსაზრისით.

“აქედან გადმომდინარე, ეს სულ სხვადასხვა ბიზნესებია, ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ. არის, როდესაც შენ აქტივს იაფად ჩაიგდებ ხელში, შემდეგ მას ძვირად გაყიდი – ეს არის ერთი მიდგომა. არის, როდესაც შენ ქმნი ღირებულებას წლების განმავლობაში“, – ამბობს ის.

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ამით, რომ “ბიძინა ივანიშვილი ნაკლებად ქმნიდა“, ჯაფარიძე პასუხობს:

“ჩვენ ვქმნიდით ღირებულებას წლების განმავლობაში, 25 წლის განმავლობაში, აქედან გამომდინარე, როდესაც ამბობენ, რომ დღეს ქვეყანა იმართება, როგორც ბიზნესი – ქვეყანა არ იმართება დღეს, როგორც ბიზნესი, იმიტომ, რომ კარგი ბიზნესის მართვის სტრუქტურა არის ძალიან გამართული. კორპორატიული მართვის სტრუქტურა ყოველთვის გამორიცხავს ნებისმიერ ინტერესთა კონფლიქტს.

ასეთ სტრუქტურაში არის პასუხისმგებლობები გადანაწილებული, არის აბსოლუტურად განსაზღვრული – ვის რა მანდატი აქვს. მე ვფიქრობ, რომ დღეს ქვეყანა არ იმართება, როგორც ბიზნესი, როგორც კარგი ბიზნესი. მე იმას არ ვამბობ, რომ აუცილებლად ისე უნდა იმართებოდეს ქვეყანა, როგორც ბიზნესი, მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ ქვეყანა იმართება, როგორც ბიზნესი, კარგად არ იციან, რას ნიშნავს კარგი ბიზნესის მართვა…

მე ვფიქრობ, რომ ბიზნესის კეთება რუსეთში 90-იანი წლების დასაწყისში იყო სულ სხვა, ვიდრე საქართველოში ბიზნესის კეთება 90-იან წლებში და შემდგომში, ეს სულ სხვადასხვა რამეა. ჩვენი წარმატების ფორმულა სხვაა“, – აცხადებს ჯაფარიძე “პირველის“ ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი