“ეს შეთანხმება არ არღვევს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, როგორც ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების სტატუსს და ის არც სოხუმისა და ცხინვალისათვის რაიმე სახის ახალ ვალდებულებებს არ წარმოქმნის”, – რია ნოვოსტის ინფორმაციით, განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, არსებობს ნება, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმება რეალურად ამოქმედდეს და რუსეთი ყურადღებას მიაქცევს, რომ მისი პრინციპები ზედმიწვენით სწორად იქნას შესრულებული.
რუსეთმა WTO-ში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ორგანიზაციაში გაწევრიანება 2012 წელს შეძლო. ორგანიზაციაში გაწევრიანების თვალსაზრისით რუსეთს ერთ-ერთ პრობლემას უქმნიდა საქართველო, რომელსაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან შესული და გასული ტვირთების საბაჟო ადმინისტრირება, ასევე ვაჭრობის მონიტორინგის მიღწევა სურდა. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა, ხოლო საქართველომ მიიღო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთთან ვაჭრობის საერთაშორისო კონტროლის მექანიზმი. სავაჭრო დერეფანი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, სადაც ტვირთების მოძრაობა რუსეთ-საქართველოს 2011 წლის ხელშეკრულებით, შვეიცარიის მიერ შერჩეულ ნეიტრალურ კომპანიას უნდა გაეკონტროლებინა, დღემდე არ შექმნილა.
რუსეთ-საქართველოს შეთანხმების ტექსტში, რომელიც “ნეტგაზეთმა” საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა, საუბარია სამ სავაჭრო კორიდორზე, რომლის საბაჟო ადმინისტრირებისა და საერთაშორისო მონიტორინგის დაშვების ვალდებულებას რუსეთი იღებს.
სავაჭრო დერეფნები გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით განისაზღვრა, შეთანხმებაში ნახსენები არ არის კონკრეტული სახელები, მაგალითად, აფხაზეთი ან სამხრეთ ოსეთი. ეს საკითხი თავის დროზე აფხაზეთში უკმაყოფილების საგნად იქცა. აფხაზეთის სავაჭრო დერეფნად მოხსენიება იმდროინდელმა ოპოზიციონერმა და დღევანდელმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ გააპროტესტა. ხელშეკრულების დანართის მიხედვით, რომელიც თავის დროზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა და Civil.ge-ს აქვს გამოქვეყნებული, #1 სავაჭრო დერეფანი აფხაზეთის მიმართულებას ფარავს, დერეფანი რუსეთში მდებარე დასახლება ადლერის სიახლოვეს იწყება და ზუგდიდში მთავრდება. #2 სავაჭრო დერეფანი იგივე ზიგზაგისებური ზოლია, რომელიც ტრანსკავკასიურ მაგისტრალს მიუყვება, ეს დერეფანი ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ ნართან იწყება და გორთან მთავრდება. რაც შეეხება #3 დერეფანს, ის ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე მდებარეობს.
უფრო ვრცლად, თუ რას ითვალისწინებს ეს ხელშეკრულება და როგორ შეუძლია საქართველოს მისი გამოყენება მოკავშირეობის შესახებ რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების წინააღმდეგ, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.