ახალი ამბები

მშპ-ს რეალური ზრდა შემცირდა, დეფლაციის მაჩვენებელი გაიზარდა – საქსტატი

18 სექტემბერი, 2019 • 1608
მშპ-ს რეალური ზრდა შემცირდა, დეფლაციის მაჩვენებელი გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2019 წლის მეორე კვარტლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში  11 მილიარდი ლარი შეადგინა. მშპ-ს რეალური ზრდა ამ პერიოდისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, თუმცა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 5.6% იყო.

საქსტატის ინფორმაციით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გაზრდილია დეფლაციის [ფასების საერთო კლების დონე] ტენდენცია. დეფლატორმა 2019 წლის მეორე კვარტალისთვის 3.8%-ს მიაღწია.

რაც შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდას წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა აღინიშნებოდა ისეთ დარგებში, როგორიცაა: ტრანსპორტი (17.9 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (16.9 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (14.1 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (11.5 პროცენტი), კავშირგაბმულობა (10.8 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (9.3 პროცენტი), ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (7.4 პროცენტი), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (5.2 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (4.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (3.0 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა-მეთევზეობა (2.1 პროცენტი).

საპირწონედ კი, კლება დაფიქსირდა  –  განათლებაში (-7.9 პროცენტი), სამთომოპოვებით მრეწველობაში (-7.7 პროცენტი), მშენებლობაში (-4.6 პროცენტი), დამამუშავებელ მრეწველობაში (-4.5 პროცენტი).

მასალების გადაბეჭდვის წესი