ახალი ამბები

ქალი პოლიტიკოსი ლიდერები კლიმატის ცვლილებისთვის

18 სექტემბერი, 2019 • 2457
ქალი პოლიტიკოსი ლიდერები კლიმატის ცვლილებისთვის

ავტორი: ნინო ჯანაშია/ფემინსტრიმი

“ფემინსტრიმის” ავტორი ნინო ჯანაშია საუბრობს ლიდერ პოლიტიკოს ქალებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით კლიმატის ცვლილებების საკითხის აქტუალიზებაში.

მოისმინეთ/წაიკითხეთ:

ჩემს მეოთხე და „ფენიმსტრიმის“ ფარგლებში უკანასკნელ პოდკასტში მოგიყვებით კლიმატის რამდენიმე გამორჩეულ ლიდერ პოლიტიკოს ქალზე. ესენი არიან ქალები, რომლებიც უმოქმედოდ არ სხედან აპოკალიფსის მოლოდინში, ისინი სათავეში ჩაუდგნენ დიდ საერთაშორისო მოძრაობებს და გახდნენ მისაბაძი მაგალითები, ინფლუენსერები და იმედი მრავალი ადამიანისთვის.

დღესდღეობით კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ძირითადად მაღალ თანამდებობაზე მყოფი გადაწყვეწილების მიმღები ქალი ლიდერები წამოწევენ ხოლმე. სწორედ ისინი ითხოვენ ისეთ ცვლილებებს, რამაც ეკოლოგიური კატასტროფა უნდა აგვაცილოს თავიდან.

მაგალითად, ნიუ-იორკელი 29 წლის ალექსანდრია ოკასიო-კორტეზი ცნობილია, როგორც ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დემოკრატი კონგრესვუმენი; ქალი, რომელიც თავს სოციალ-დემოკრატს უწოდებს და „მწვანე ახალ გარიგებაზე”, ანუ Green New Deal-ზე საუბრობს.

რეზოლუციის – „ახალი მწვანე გარიგება” – ხელმომწერები მოუწოდებენ შეერთებული შტატების მთავრობას, შეზღუდოს წიაღისეული საწვავის ინტენსიური გამოყენება, ამ საწვავის მომპოვებელი კომპანიების სუბსიდირება და ამით რადიკალურად შეამცირონ სათბურის გაზების გაფრქვევა. ამასთანავე, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ტრანზიცია და ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის წარმოების სფეროში ახალი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წამყვანი როლი უნდა ითამაშოს კლიმატის ცვლილების გამომწვევი ემისიების შემცირებაში, რადგან სწორედ მათ აქვთ უახლესი ტექნოლოგიები და  სწორედ შეერთებული შტატებია მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მეტი სათბურის გაზების გამფრქვევი ქვეყანა.

ოკასიო კორტეზის მოწოდების მთავარი მიზანია, რომ გარემოსდაცვითი სამართლიანობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, 2030 წლისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ემისიების ელიმინაცია მოხდეს და ქვეყანა 100%-ით გადავიდეს სუფთა, ნულოვანი გაფრქვევების მქონე განახლებად ენერგიაზე. რეზოლუციაში ვკითხულობთ, როგორ უნდა იქნეს მიღწეული დასახული მიზნები, მაგალითად, საჭიროა ჩაიდოს დიდი ინვესტიცია განახლებად ენერგიაში, ენერგიის გადამცემი ხაზები უნდა იყოს ენერგოეფექტური და ენერგია უნდა იყოს ხელმისაწვდომი (affordable), საჭიროა მაქსიმალურად ენერგოეფექტური შენობები, უნდა მოხდეს მდგრადი საოჯახო მეურნეობების წახალისება, შეიქმნას სამართლიანი და მდგრადი საკვებით მომარაგების სისტემა, მოხდეს ტრანსპორტის სისტემის სრული გარდაქმნა, ეკოსისტემის აღდგენა, ნარჩენების მდგრადი მართვა და ა.შ.

ალექსანდრია ოკასიო კორტეზი იმედოვნებს, რომ ამერიკელები იგრძნობენ მორალურ და ეთიკურ პასუხისმგებლობას და მხარს დაუჭერენ მის გუნდს ამ წამოწყებაში.

ვაშინგტონისგან მოშორებით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქალაქ პარიზში ქალი, სახელად ან იდალგო (anne Hidalgo) ცდილობს უამრავი რეფორმა გაატაროს, რათა პარიზში, ერთი მხრივ, რადიკალურად შემცირდეს სათბურის გაზების გაფრქვევა და, მეორე მხრივ, ქალაქი მაქსიმალურად მოემზადოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად. აღსანიშნავია, რომ ან იდალგოს მერობის პერიოდში პარიზმა გამოაცხადა – “კლიმატის საგანგებო მდგომარეობა” (Climate Emergency).

ან იდალგო არის პირველი ქალი, რომელმაც 2014 წელს მოახერხა, გამხდარიყო პარიზის მერი, იგი „C 40“ – მსოფლიოს მაშტაბით დიდი ქალაქების კლიმატის ცვლილებისთვის გაერთიანების თავმჯდომარეცაა. „C 40“ არის 91 ძალიან დიდი ქალაქის ქსელი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 650 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს.

ან იდალგოს პროგრამის ძირითადი ნაწილი ეთმობა გარემოს გაუმჯობესებას, ამ მიმართულებით მან უამრავი ინიციატივა განახორციელა, მაგალითად, „პარიზი სუნთქავს” ინიციატივა – რომელიც გულისხმობს მთელ რიგ უბნებში, ყოველი თვის პირველ კვირა დღეს საწვავის ძრავაზე მომუშავე მანქანით გადაადგილების აკრძალვას. ამ დღეს ელექტროავტობუსები და ველოსიპედის დაქირავება უფასოა. ან იდალგოს ასევე უნდა მეტრო 24/7 მუშაობდეს, მოხდეს პარკირების რეფორმა, მაქსიმალური კომფორტი ჰქონდეთ ფეხით მოსიარულეებს, მოხდეს ქალაქის მეტად გამწვანება  და ა.შ.  ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ აქვს ამბიცია, პარიზი გახადოს მთელ მსოფლიოში საუკეთესო ქალაქი ველოსიპედით გადაადგილებისთვის.

იდალგომ უზრუნველყო პარიზში „სუფთა ჰაერის სტიკერების” შემოღება, რაც გულისხმობს, რომ ყველა მძღოლი ვალდებულია, მანქანაზე ჰქონდეს სტიკერი, რომელიც აჩვენებს, რამდენ სათბურის გაზს აფრქვევს მისი მანქანა. ქალაქის ზოგიერთ უბანში ისეთ ავტომობილებს, რომლებიც განსაკუთრებით ბევრ სათბურის გაზებს აფრქვევენ, შესვლა ეკრძალებათ. ამ ახალი წესის შემოღების პარალელურად ქალაქში გაუმჯობესდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების სერვისები. უახლოეს მომავალში იგეგმება დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების საერთოდ აკრძალვა. პარიზის მერი აცხადებს, რომ ეს ქმედებები და სამოქმედო გეგმები კლიმატის ცვლილების კრიზისის გამო ხორციელდება.

როდესაც ან იდალგო „C 40 -ის“, ანუ  დიდი ქალაქების გაერთიანების თავჯდომარე გახდა, მან დასახა პრიორიტეტები, რომელთა შორის პირველი, რისი განხორციელებაც დაიწყო და რომელიც მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, არის – ქალები კლიმატისთვის ინიციატივა (Women for Climate Initiative). იგი დარწმუნებულია, რომ ეს ინიციატივა პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩვენს მომავალზე. ამ გეგმის მიხედვით, უნდა მოხდეს მომავალი თაობის კლიმატის ლიდერი ქალების მხარდაჭერა და მობილიზება.  იგეგმება 500 ქალის გაძლიერება და მათი კლიმატის ცვლილებასთან და ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული პროექტების მხარდაჭერა. ან იდალგოს სჯერა, რომ ქალები მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან კი არ უნდა ისხდნენ, ისინი უნდა იყვნენ მთავარი და წამყვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები.

დღეს მხოლოდ ამ ორი მაგალითით დავასრულებ. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ საბედნიეროდ, სულ უფრო და უფრო მეტი ქალი ლიდერი იკვეთება, რომლებიც სათავეში უდგებიან ქვეყნებს, ქალაქებს და აცნობიერებენ პასუხისმგებლობას ახალგაზრდა და მომავალი თაობების მიმართ.

16 წლის შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი ამბობს: Our house is on fire – ჩვენი სახლი იწვის! ამას ყველაზე უკეთ ქალები გრძნობენ, ისინი გამოირჩევიან გრძელვადიანი ხედვებით, მათი უმრავლესობისთვის გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტულია. ქალებს პლანეტის გადარჩენა შეუძლიათ.


მთავარ ფოტოზე: ნინო ჯანაშია. ფოტო: ქალთა ფონდი საქართველოში


პროექტი “ფემინსტრიმი” პოდკასტების სერიაა, რომელსაც  წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი. კონტენტი მომზადებულია ქალთა ფონდის მიერ. 

მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს “ნეტგაზეთის” პოზიციას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი