პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იგი არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ენმ-ს ანკესზე წამოეგო რიგგარეშე სხდომის დანიშვნით. მან ასევე კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, არიან თუ არა უმრვალესობის წევრები პრეზიდენტზე ნაწყენი. მათ გუშინ მარგველაშვილთან დაგეგმილი შეხვედრა გადადეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა დანიშნა სავალუტო კურსის საკითხზე:
“ვინც ნაწყენია, ცივი წყალი დალიოს. ბევრი ცივი წყალი მაქვს მაცივარში, მობრძანდნენ. პოლიტიკაში მყოფმა ადამიანებმა ნაწყენობაზე, გაბრაზებაზე, გაბუტვაზე აცრა უნდა გაიკეთონ. ამასობაში ჩვენ ყველამ, მოქალაქეებმა, ჟურნალისტებმა ასევე უნდა გავიკეთოთ გარკვეული აცრები და პოლიტიკოსებს შორის უთანხმოება და გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობა არ წარმოვიდგინოთ, როგორც რაღაც აპოკალიპტური პროცესი – “თუ ამ საკითხში არ ვეთანხმები ვინმეს, ეს ნიშნავს, რომ არც ერთ საკითხში არ დავეთანხმები და მივიჩნევ, რომ ცუდი კაცია”. ეს ასე არ არის. ყოველდღიურად უამრავი საკითხი გვაქვს განსახილველი. კონკრეტულ საკითხზე უმრავლესობის მოსაზრება განსხვავდება პრეზიდენტის შეხედულებებისაგან. ამ განსხვავებულობის ავკარგიანობისა და სისწორის შემფასებელი არის საქართველოს მოსახლეობა.
მე არ მგონია, რომ პრეზიდენტი ვინმეს ანკესს წამოეგო. პრეზიდენტი თავისი გადაწყვეტილებებითა და პასუხისმგებლობით მოქმედებს. ხანდახან პრეზიდენტიც ცდება, პარლამენტის თავმჯდომარეც, მთავრობის წევრიც და ოპოზიციაც. შეიძლება ასე მოხდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ვინმეს ანკესზე წამოგებას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.