აღნიშნული კომპანიის თავმჯდომარე რაფი კამინერი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა ისრაელის და ჩინეთის სხვა ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან ერთად.
გარდაბანში 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოს მთავრობამ გასული წლის იანვარში დაიწყო. თბოელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოდან უნდა შევიდეს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება იყო 220 მლნ აშშ დოლარი და ის საპარტნიორო ფონდისა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დაფინანსდა.
2015 წლის 25 თებერვალს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე სახელმწიფო ობიექტის გაყიდვა დაიგეგმა საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად და ამ ობიექტებს შორის დასახელდა თბოელექტროსადგურიც.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ისრაელის და ჩინეთის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და IT ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებით.
“საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში 1 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება იგეგმება. ინვესტორები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, IT ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირების მიზნით”, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ისრაელში მოღვაწე ბიზნესმენი, მიხეილ მირილაშვილი, კომპანია Pegasus Eastwest-ის თავმჯდომარე რაფი კამინერი, კომპანია CEFC-ის თავმჯდომარე იუ ჟიანმინგი, კომპანია CEFE-ს პრეზიდენტი ჩან ჩაუტო, კომპანია Synohydro-ს ვიცე-პრეზიდენტი ლიუ ლიუშანი, LR Group-ის პრეზიდენტი რობი ბენ იამი და სხვა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.