ახალი ამბები

პენსიის დაგროვებაში ჩართულთა 57%-ს არ სჯერა, რომ ამ ფულს პენსიაზე გასვლისას დაიბრუნებს – NDI

17 სექტემბერი, 2019 • 1190
პენსიის დაგროვებაში ჩართულთა 57%-ს არ სჯერა, რომ ამ ფულს პენსიაზე გასვლისას დაიბრუნებს – NDI

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ დღეს, 17 სექტემბერს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართული ადამიანების 57%-ს არ სჯერა, რომ ამ ფულს პენსიაზე გასვლის შემდგომ დაიბრუნებს.

კვლევის მიხედვით კი, დაგროვებით პენსიაში მოსახლეობის მხოლოდ 16%-ია ჩართული. სწორედ ამ 16%-ის ნახევარზე მეტს არ აქვს ნდობა საპენსიო სისტემის მიმართ. აღნიშნულ სისტემაში ჩართვა სავალდებულოა 40 წლამდე დასაქმებული პირებისთვის, ხოლო 40-ზე მეტი წლის პირებისთვის ის ნებაყოფლობითია.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიმართ ნდობა ჩართულთა მხოლოდ 30%-ს აქვს, 13% აცხადებს, რომ არ იცის, აქვს თუ არა ნდობა ამ სისტემის მიმართ.

გარდა ამისა, კვლევის მონაწილეებს შესთავაზეს არჩევანის გაკეთება ორ ვარიანტს შორის:

  1. 40 წლამდე მოსახლეობა ვალდებული უნდა იყოს, ხელფასის 2% ყოველთვიურად გადარიცხოს საპენსიო ფონდში (ეს არის მოქმედი სისტემა);
  2. 40 წლამდე მოსახლეობას საშუალება უნდა ჰქონდეს, ხელფასის 2% ნებაყოფლობით გადარიცხოს საპენსიო ფონდში.

პირველ ვარიანტს, ანუ პენსიის დაგროვების მოქმედ სისტემას, მოსახლეობის მხოლოდ 7% უჭერს მხარს, 71% ირჩევს მეორე, ნებაყოფლობითი გადარიცხვის ვარიანტს, არცერთ ვარიანტს არ ემხრობა 7%, ხოლო 14% ამბობს, რომ არ იცის.

აღნიშნული კვლევა მიმდინარე წლის  13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის ცდომილება 1.7%-ია. საველე სამუშაოები “CRRC – საქართველომ” ჩააატრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი