ახალი ამბები

საქართველოსა და ბრაზილიას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება

11 მარტი, 2015 •
საქართველოსა და ბრაზილიას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს ორივე ქვეყანაში ტურისტული და ბიზნესის მიზნებით მსურველი, ორდინალური პასპორტის მფლობელი მოქალაქეების გათავისუფლებას ვიზის აღების ვალდებულებისაგან.

 

“კერძოდ, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ბრაზილიის ტერიტორიაზე შესვლას, ყოფნასა და ტრანზიტს 90 დღის განმავლობაში 180-დღიან პერიოდში – ათვლა ქვეყანაში პირველად შესვლის დღიდან მოხდება. ანალოგიური რეჟიმი იმოქმედებს ბრაზილიის მოქალაქეების მიმართ.

 

აღნიშნული შეთანხმების დადება წერილების გაცვლით მოხდება. საქართველოს მხრიდან მას ხელს მოაწერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი. შეთანხმება ძალაში შევა ქართული მხარის მიერ მისი ხელმოწერიდან 30 დღის გასვლის შემდეგ”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

სამინისტროს ცნობით, ბრაზილია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეშვიდე ეკონომიკაა ლათინური ამერიკის რეგიონში, საქართველოს მთავარ პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს და ხსენებული შეთანხმების გაფორმება წაახალისებს ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნესწრეების დაახლოებას, ტურისტული ნაკადების მიმოსვლას და ხალხთაშორისი კავშირების გამყარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი