ახალი ამბები

ნატოს მომხრეთა რაოდენობა შემცირებულია, ევროკავშირის – თითქმის უცვლელი – NDI

17 სექტემბერი, 2019 • 1659
ნატოს მომხრეთა რაოდენობა შემცირებულია, ევროკავშირის – თითქმის უცვლელი – NDI

“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის”  (NDI) მიერ დღეს, 17 სექტემბერს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 71% მხარს უჭერს საქართველოს გაცხადებულ მიზანს, გაწევრიანდეს ნატოში.

აღნიშნული კვლევა მიმდინარე წლის  13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის ცდომილება 1.7%-ია. საველე სამუშაოები “CRRC – საქართველომ” ჩააატრა.

მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული კვლევით, ნატოში გაწევრებას 74% უჭერდა მხარს, 2018 წლის დეკემბერში კი- 78%. ეს მაჩვენებელი ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. თუმცა, როგორც გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, დეკემბრიდან დღემდე მომხრეთა რაოდენობა 7%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრების მომხრეთა რაოდენობას, აღნიშნულ მიზანს მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით 78% უჭერს მხარს, აპრილში კი ეს მაჩვენებელი 77% იყო. თუმცა კლება 2018 წლის დეკემბერთან შედარებით ამ მიმართულებითაც თვალსაჩინოა. ევროკავშირში გაწევრებას გასული წლის დეკემბერში 83% უჭერდა მხარს და ნატოს მხარდამჭერთა მსგავსად, აღნიშნული მონაცემიც ბოლო წლებში ზრდის ტენდეციით ხასიათდებოდა.

კვლევის მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ დიდ ქალაქებსა და რეგიონებში ევროკავშირის მხარდამჭერთა მაჩვენებელი 85 და 82 პროცენტია, თბილისში – 78%, ხოლო უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში- 57%.

თბილისში ნატოს მხარდამჭერთა რაოდენობა 75%-ია, დიდ და პატარა ქალაქებში- 77%-78%, სოფელში – 81%.

მასალების გადაბეჭდვის წესი