ინტიგამ ალიევის მორიგ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ ბაქოს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების – წინასწარი პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატმა ალიევის გათავისუფლება მოითხოვა უფლებადამცველთა ჯგუფისა და საზოგადოების წარმომადგენელთა თავდებში ჩადგომის საფუძველზე. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არც ამჯერად დააკმაყოფილა.
ორგანიზაცია “Legal Education Society”-ს თავმჯდომარე ინტიგამ ალიევი 2014 წლის აგვისტოში დააკავეს. 8 აგვისტოს იგი აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურის განსაკუთრებულ დანაშაულთა დეპარტამენტის მიერ იქნა დაბარებული, როგორც მოწმე, ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მოგვიანებით ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს, გაჩხრიკეს მისი ბინა და დღის ბოლოს უფლებადამცველი სასამართლოში აღმოჩნდა. თავდაპირველად მას ბრალად ედებოდა გადასახადებისათვის თავის არიდება და უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. 2014 წლის დეკემბერში კი ალიევს ახალი ბრალი წაუყენეს დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვის მუხლით.
ინტიგამ ალიევი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულია.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |