ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრო ირანის საელჩოს პასუხობს: “ამგვარი შეფასებები სამწუხაროა”

10 მარტი, 2015 •
იუსტიციის სამინისტრო ირანის საელჩოს პასუხობს: “ამგვარი შეფასებები სამწუხაროა”

“ამ რეფორმების რიცხვშია საემიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგებაც იმისათვის, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიიღონ. ამ და სხვა საკანონმდებლო რეფორმის შედეგად, ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა დადებითად შეფასდა ევროკავშირის მიერ და წარმატებით დაიხურა წინა წლის ოქტომბერში. ამ რეფორმის ეფექტიან იმპლემენტაციას კოორდინაციას უწევს მიგრაციის სამთავრობო კომისია იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელშიც აქტიურ როლს საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროები ასრულებენ. მიღწეული წარმატებაც კოლექტიური ძალისხმევის შედეგია.

გატარებულმა ცვლილებებმა, რომლებიც სრულიად ახალი წესების შემოღებას გულისხმობდა, ბევრი ჩვენი თანამემამულისათვის, ისევე როგორც ზოგიერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, პრაქტიკული უხერხულობები წარმოშვა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თავის საჯარო გამოსვლაში სწორედ ამ გარემოებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ არ არსებობს დიდი რეფორმა, რომელსაც თან არ ახლავს პირველ ეტაპზე სირთულეები. თითოეული ამ სირთულის გადასაჭრელად იუსტიციის მინისტრი პირადად მუშაობს თავის სხვა კოლეგასთან ერთად და ეს მუშაობა გაგრძელდება ყოველი ინდივიდუალური საკითხის მოგვარებამდე.

იმავე საჯარო გამოსვლაში იუსტიციის მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ახლა უკვე არსებობს წესები, რომლებიც მანამდე არ არსებობდა, ვინაიდან საიმიგრაციო პოლიტიკა საქართველოს არ ჰქონდა. ამ წესების და უკვე შემუშავებული პოლიტიკის ფარგლებში კი გაიხსნება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველომ ნელ-ნელა იფიქროს მკაცრი რეგულაციების შემსუბუქებაზე ფოკუსირებულად, რათა წაახალისოს ინვესტორები და არა მხოლოდ, მათ შორის ირანიდან, სირიიდან, ერაყიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომელთათვისაც სავიზო რეჟიმი იქნა შემოღებული.

 

სამწუხაროა, რომ იუსტიციის მინისტრის გამოსვლას, რომელიც საქმეზე და გამოსავლის პერსპექტივის ჩვენებაზე იყო ორიენტირებული, ამგვარი შეფასებები მოჰყვა ირანის საელჩოს მხრიდან. მიუხედავად ამისა, იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას, ერთი მხრივ, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე წარმატებისათვის და მეორე მხრივ, საქართველოს დიდი ხნის პარტნიორ და დიდი ცივილიზაციის მქონე ქვეყანასთან – ირანის სახელმწიფოსთან ირანელი ინვესტორების, ტურისტების, სტუდენტების თუ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებისათვის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.


საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, გუშინ საქართველოში ირანის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის 18 თებერვლის განცხადება, რომელსაც ზემოხსენებული აჟიოტაჟი მოყვა, “არაკვალიფიციური და გაუაზრებელია”.


“ისტორიის მანძილზე, ირანელებს, რომლებიც გონიერი და მაღალი კულტურის ხალხია, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც კი უწევდათ ცხოვრება, ემსახურებოდნენ იმ ქვეყნის აღმშენებლობას, წარმატებებსა და კეთილდღეობას. ამრიგად, ირანელი ინვესტორებისა და ტურისტებისათვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს მიერ ირანელი მეგობრების ცოდნის, კაპიტალისა და ღირებული სამსახურის დაკარგვად; ამასთან, ეს გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიოს ხალხთა შორის არსებულ ურთიერთობებზე, მიუხედავად ზოგიერთების რასისტული და ქსენოფობიური მოსაზრებებისა”, – ნათქვამია ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს პრესის სამსახურის განცხადებაში.


თეა წულუკიანმა 18 თებერვალს “ქრონიკის” ეთერით განაცხადა, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება იყო მასშტაბური რეფორმა და არც ერთი მასშტაბური რეფორმა არ არის უხარვეზო ან უმტკივნეულო ყველასთვის.

 

“ამ სფეროში 1 სექტემბერს, როცა ეს რეფორმა [საიმიგრაციო] შევიდა ძალაში, ამან გამოიწვია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 2014 წელს ჩვენი ტურისტების ნაკადის 42 000 ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების… შევავიწროვეთ ეს და ჩვენ წარმატება მივიღეთ ბრიუსელში და ჩვენ ველოდებით რიგის სამიტზე რაღაცა ტიპის წარმატებას… მერე უკვე ჩვენ შეგვიძლია დადგენილ ჩარჩოში ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეა, ტურისტია ან, რაც მთავარია, ინვესტორია”.  – განაცხადა წულუკიანმა.

 

წულუკიანის აღნიშნული განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქსენოფობიურად შეაფასეს. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრის განცხადებები დასახელებული ეთნიკური და რასობრივი იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი