ახალი ამბები

მედიის ცნობით, ჩეხეთმა საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება გადადო

9 მარტი, 2015 •
მედიის ცნობით, ჩეხეთმა საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება გადადო

lidovky.cz-ის ცნობით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუბომირ ზამორალეკი ჩეხური კომპანია “ენერგო პრო-ჯორჯიას” ინტერესების დაცვას ცდილობს, რომელსაც ქართველოს მთავრობასთან უთანხმოება აქვს. გამოცემის ცნობით, ენერგო პრო-ჯორჯიას საქართველოს ბიუჯეტში 60 მილიონი ლარი აქვს გადასახდელი.

 

გამოცემის ინფორმაციით, ჩეხეთის პარლამენტს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია დეკემბრიდან მოყოლებული უნდა განეხორციელებინა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართა, რომ გადადონ საკითხის განხილვა. მისი თქმით, სახელმწიფო რესურსებს საფრთხე ემუქრება.

 

radio.cz-ის ცნობით, დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ ენერგო პრო-ჯორჯიას, რომელიც ფლობს 15 ჰიდროელექტროსადგურს და წყლის მიმწოდებელ კომპანიას, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გასულ წელს დააკისრა ნახევარი მილიარდი ჩეხური კრონის ოდენობით გადასახადი. კომპანია არ აპირებს ამ თანხის გადახდას, ხოლო ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გადასახადის დაკისრებას კომპანიაზე ზეწოლად აღიქვამს.

 

კიდევ ერთი ჩეხური გამოცემა tyden.cz-ის ინფორმაციით, საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია 10 მარტს უნდა განხილულიყო, თუმცა 1 პარილამდე გადაიდო. მედიის ცნობით, საქართველოს ელჩმა ჩეხეთში, ზაალ გოგსაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ასოცირების დოკუმენტის რატიფიცირების ენერგო პრო-ჯორჯიასთან დაკავშირება შეცდომა იქნება.

 

ასოცირების შეთანხმების დოკუმენტს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა. იმისთვის, რომ შეთანხმება ძალაში შევიდეს, საჭიროა, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება მოახდინოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი