ახალი ამბები

პუტინმა ივანიშვილს უთხრა, თუ ნატოზე უარს არ იტყვი, სამხრეთ ოსეთის ანექსიას მოვახდენო – სააკაშვილი

14 სექტემბერი, 2019 • 3214
პუტინმა ივანიშვილს უთხრა, თუ ნატოზე უარს არ იტყვი, სამხრეთ ოსეთის ანექსიას მოვახდენო – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2 თვის წინ გააფრთხილა “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომ თუ საქართველო ნეიტრალიტეტს არ გამოაცხადებს, რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას განახორციელებს.

“პუტინმა უთხრა ივანიშვილის 2 თვის წინ, თუ შენ არ გამოაცხადებ ნეიტრალურ სტატუსს, თუ საჯაროდ არ იტყვი უარს ნატო-ზე და ევროკავშირზე, 31 დეკემბრამდე მე მოვახდენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიასო. ზუსტად ისე, როგორც მოახდინა ყირიმის ანექსია. თქვენ ამაზე ივანიშვილი არ გიყვებათ, იმიტომ რომ საერთოდ არ ფიქრობს, რომ თქვენს წინაშე ანგარიშვალდებულია, მაგრამ მე ვალდებული ვარ გითხრათ, იმიტომ რომ, ეს ზუსტად ვიცი”, – განაცხადა სააკაშვილმა ოდესაში, ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სწორედ ამ ულტიმატუმს უკავშირდება ბოლო დროს განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები.

“ივანიშვილი რას შვება იმის მაგივრად, რომ თქვენ მოგიყვეთ და მოგმართოთ, რომ ხალხო, ასეთი პრობლემა მაქვსო? – გადააყენა თავდაცვის მინისტრი, რომელიც არ მოსწონდათ რუსებს (არც მე მომწონდა , მაგრამ რუსებს კიდევ უფრო მეტად არ მოსწონდათ); დანიშნა ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად; გახარია, რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტი დანიშნა პრემიერ-მინისტრად და ფიქრობს, რომ როგორმე რუსები დაწყნარდებიან, მაგრამ კრეტინია და არ ესმის, რომ ეს პუტინს არ დააკმაყოფილებს”, – დასძინა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი