დღეს დილიდან, ერთმანეთის მიყოლებით ბრიფინგები გამართეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა. ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა სულხან ღლონტმა და თემურ კახიძემ აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა წამოაყენეს. ფრაქცია “ქართული ოცნებიდან” გარიცხულმა ჯემალ ფუტკარაძემ კი მის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციაზე ისაუბრა და ავთანდილ ბერიძემს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომისკენ მოუწოდა.
“მთავრობა არის არაეფექტური. 2012 წლიდან დღემდე, ვერ წარმოადგინეს რეგიონის განვითარების გრძელვადიანი ხედვა; რეგიონის წინაშე არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ პრობლემებზე მათი ერთადერთი პასუხი არის სიჩუმე. არ შემოდის ინვესტიციები და არ იქმნება სამუშაო ადგილები; იგივე მთავრობის მმართველობის შემთხვევაში ბუნდოვანია რეგიონის განვითარების პერსპექტივები” – ასე ახსნა სულხან ღლონტმა მიზეზი, რის გამოც აჭარის მთავრობა უნდა გადადგეს. მისივე თქმით, აჭარის მთავრობის უნდობლობის პროცედურის გამოცხადებას სჭირდება აჭარის უმაღლესი წევრთა ხმების უმრავლესობა – 14 ხმა.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ჯემალ ფუტკარაძემ კი 8 მარტს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა. გუშინ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელთან, რამაზ ბოლქვაძესთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის სვეტლანა კუდბას საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ.
ფუტკარაძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დეპუტატზე ზეწოლას ახორციელებდა.