ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატები: დავიწყოთ კონსულტაციები აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე

9 მარტი, 2015 •
თავისუფალი დემოკრატები: დავიწყოთ კონსულტაციები აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე

ბოლო პერიოდში აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენები, ჩვენი აზრით, არ პასუხობს და არ ეხმიანება რეგიონის წინაშე არსებულ პრობლემებს. განსჯის საგანია, თუ რატომ არ მონაწილეობს “თავისუფალი დემოკრატები” საკადრო საკითხებში, რომელსაც აყენებს ნაციონალური მოძრაობა და დეპუტაციის ნაწილი. 
დღეს გვინდა ამომწურავად ვუპასუხოთ ზემოაღნიშნულ შეკითხვას და პრობლემების გადაჭრის ჩვენი ხედვა და ინიციატივა გაგაცნოთ. 

რატომ არ ვმონაწილეობთ უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებში:

– რეგიონში არსებული პრობლემები, პირველ რიგში, არის ეკონომიკური და სოციალური ხასიათის და მას სჭირდება ეკონომიკური და სოციალური შინაარსის პასუხები. უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირთა გადაყენების საკითხი ვერ ჩაითვლება ამ ტიპის პასუხად.


– უმაღლესი საბჭოს კომისიების რეორგანიზაციის საკითხი არის პოლიტიკური ქვეტექსტებით ნასაზრდოები, სადაც მთავარ მოქმედ პირებს წარმოადგენენ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება. ჩვენ, თავისუფალ დემოკრატებს ორივე ამ პოლიტიკური სუბიექტის მიმართ გვაქვს ჩვენი, მკვეთრად გამოხატული პოზიცია, რის გამოც პროცესისადმი ნდობა ჩვენის მხრიდან არის მინიმალური.


– უმთავრესი, რაც დადასტურებულად შეიძლება ითქვას, არის ის, რომ უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესი რეგიონის წინაშე არსებული არც ერთი რეალური პრობლემის მომგვარებელი არ არის. ის წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიებს შორის გამართულ დაპირისპირების ასპარეზს, რაც კიდევ უფრო სათუოს ხდის რეალურ პრობლემებზე კონცენტრირების შესაძლებლობას. 


როგორც პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას, ზემოაღნიშნული საკითხები მიგვანიშნებს, არ მივიღოთ მონაწილეობა დაპირისპირებებში, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს რეგიონში ვითარებას და დააფრთხობს პოტენციურ ინვესტორებს. 


იმისათვის, რომ პროცესი არ გაგრძელდეს დაუსრულებლად და არ შეიძინოს ქრონიკული ხასიათი (რისი პროგნოზირება ძალიან ადვილია), კოლეგებს ვთავაზობთ დავაყენოთ აჭარის მთავრობის უნდობლობის საკითხი. კენჭისყრით, დემოკრატიული და სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით გადავწყვიტოთ პროცესი.


ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები მივიჩნევთ, რომ აჭარის მთავრობა ვერ უმკლავდება რეგიონის წინაშე არსებულ პრობლემებს, კერძოდ:

1. მთავრობა არის არაეფექტური;

2. 2012 წლიდან დღემდე ვერ წარმოადგინეს რეგიონის განვითარების გრძელვადიანი ხედვა;

3. რეგიონის წინაშე არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ პრობლემებზე მათი ერთადერთი პასუხი არის სიჩუმე;

4. რეგიონის მთავრობა ვერ ახერხებს ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას ცენტრალურ ხელისუფლებასთან რეგიონის წინაშე არსებული უმწვავესი პრობლემების მოგვარების მიზნით. ამას მოწმობს საქართველოს ხელისუფლების სრული ნეიტრალურობა რეგიონის წინაშე არსებულ პრობლემებთან (ეკომიგრანტები, მიწისძვრით დაზარალებულები, მიწის რეფორმის საკითხები და ა.შ) მიმართებაში;

5. არ შემოდის ინვესტიციები და არ იქმნება სამუშაო ადგილები;

6. იგივე მთავრობის მმართველობის შემთხვევაში ბუნდოვანია რეგიონის განვითარების პერსპექტივები;


გათვალისწინებით იმ გარემოებებისა, რომ მთავრობის უნდობლობის პროცედურის გამოცხადებას სჭირდება, აჭარის უმაღლესი წევრთა ხმების უმრავლესობა -14 ხმა. თუ რეალურად უნდათ პრობლემების გადაჭრა და არა პოლიტიკური მიზნებისთვის შექმნილი ვითარების გამოყენება, კოლეგებს ვთავაზობთ, დავიწყოთ კონსულტაციები მთავრობის უნდობლობის გამოცხადების პროცედურებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი