Interviewsახალი ამბებირეკლამა

თამარ თანდაშვილი: სატუსაღოგამოვლილების არ გვესმის

16 სექტემბერი, 2019 • 2491
თამარ თანდაშვილი: სატუსაღოგამოვლილების არ გვესმის

თამარ თანდაშვილი, ფსიქოლოგი, მწერალი: 

„კანონმორჩილ“ მოქალაქეებს სატუსაღოგამოვლილების არ გვესმის, რადგან მათი და ჩვენი ცხოვრების გამოცდილება ხშირად იმდენად განსხვავებულია, რომ ჩვენში თანაგრძნობისთვის ადგილს არ ტოვებს. ჩვენ ან საერთოდ ვერ წარმოვისახავთ, ან ძალიან შეზღუდულ ფარგლებში ვახერხებთ „გზას აცდენილების“ ბიოგრაფიის დეტალების წარმოდგენას და გააზრებას. უფრო ხშირად კი, საყოფაცხოვრებო წვრილმანებით დატვირთული ყოველდღიურობის გადამკიდე, ყოფილი პატიმრის ცხოვრებაზე საერთოდ არ ვფიქრობთ.

ისინი ჩვენთვის სხვანაირები არიან. სხვა ჯიშის, სხვა მონაცემების, თითქოსდა სატუსაღოსთვის გაჩენილები. და რაც მთავარია, ჩვენ არასოდეს მოვხვდებით ციხეში. ჩვენნაირები ცხოვრებას რაციონალური ხელით მართავენ, სტრატეგიულად გეგმავენ და კანონის წინაშე დიდ შეცდომებს არასოდეს უშვებენ.

საქმე ის არის, რომ ადამიანის ცხოვრება დაბადებიდან გარდაცვალებამდე გამართლებებისა და გაუმართლებლობების ჯაჭვს წარმოადგენს. მყარი ფსიქიკა გამართლებაა, მზრუნველ მშობლებსა და სიყვარულით სავსე გარემოზე რომ აღარაფერი ვთქვათ. გავლენის ქვეშ ადვილად თუ არ ვექცევით, ჩვენი პიროვნული ღერძის გარდა (რომელიც წინაპრებისგან გენების სახით საჩუქრად გადმოგვეცა), იმის ბრალიც არის, რომ „პატრონი“ გვყავს – ჭკვიანი და ჩვენზე ზრუნვისთვის მოცლილი. ადვილად თუ არ ვფეთქდებით, სავარაუდოდ, ბავშვობაში მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმა არ მიგვიღია. სხვის თვალში ასამაღლებლად ყველაფერზე წამსვლელები თუ არ ვართ, ესე იგი, წრე გვყავდა არა კრიმინალური და ყურადღებას, აღიარებას და სითბოს ქუჩაში არ ვეძებდით. ერთი სიტყვით, გაგვიმართლა.

გამართლება პრივილეგიაა, რომელსაც ვალივით დაბრუნება ჭირდება. იმედია, ამ ეგზისტენციალურ ვალს ქართული საზოგადოება ლმობიერების სახით დააბრუნებს.“

_____________

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი