ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე: არმაზ ახვლედიანმა დეპუტატების წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს

9 მარტი, 2015 •
დიმიტრი ხუნდაძე: არმაზ ახვლედიანმა დეპუტატების წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს

დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მდივნის, არმაზ ახვლედიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რის მიხედვითაც, თუკი დეპუტატები არ დაემორჩილებიან პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება.


არმაზ ახვლედიანმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა, რომ განსხვავებულ აზრს პატივი უნდა სცეს პოლიტსაბჭომ და ყველა კოლეგის მოსაზრება უნდა მოისმინოს, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილება შეჯერდება, შემდეგ ამ გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ განსხვავებული პოზიციები მაინც იქნება დაფიქსირებული, პარტიული დისციპლინა გულისხმობს თუ არა სანქციას, ახვლედიანმა უპასუხა:

 

“მე ვფიქრობ, რომ თქვენ თავად უპასუხეთ ამ შეკითხვას, პარტიული დისციპლინა გულისხმობს მათ შორის სანქციებსაც”


არმაზ ახვლედიანმა ტელეკომპანია “მაესტროს”  ეთერში განაცხადა, რომ პოლიტსაბჭომ და პრემიერმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება და მხარს უჭერენ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს.


„არმაზ ახვლედიანის განცხადება იყო არა მარტო საკუთარი უფლებამოსილების გადამეტება, არამედ ეს იყო შეურაცყოფა თითოეული დეპუტატისთვის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პოლიტსაბჭოს არ მიუღია გადაწყვეტილება, ან როგორ შეიძლება მიეღო, როცა ფრაქციას ეს საკითხი ჯერ არ განუხილავს. რაც შეეხება დეპუტატების მიმართ ბრძანებლური ტონით საუბარს, შევახსენებ ბატონ არმაზს, რომ დეპუტატი არის ხალხის მიერ არჩეული პირი, რომელსაც აქვს თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება”- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.


დეპუტატი მიიჩნევს, რომ პატივსაცემი და გასათვალისწინებელია პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, მაგრამ მთავარია თავად დეპუტატის დამოკიდებულება კონკრეტული საკითხის მიმართ:


“მადლობა ღმერთს, რომ დღეს განსხვავებული აზრისთვის აღარავინ ისჯება. არმაზ ახვლედიანის მიერ გაკეთებული განცხადება შეურაცხმყოფელია არა მარტო დეპუტატებისთვის, არამედ, თავად ქალბატონ ნინო გვენეტაძისთვისაც. მისი საუბრიდან ჩანს, რომ თუ ძალადობა არ გამოიყენეს, მისი კანდიტატურა ვერ გავა, ანუ მას არა აქვს საკმარისი მოცემულობა იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ. ეს ასე არ არის. ქალბატონ ნინოს ყველა პოზიტიურად უყურებს, მათ შორის მეც. ჩვენ ველოდებით მასთან შეხვედრას და მისი პროგრამის გაცნობას”- აცხადებს ხუნდაძე. 

 

დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ არმაზ ახვლედიანმა დეპუტატების წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს: 

 

“რაც შეეხება ბატონი არმაზის განცხადებას, ვურჩევდი, ბოდიში მოიხადოს დეპუტატების წინაშე. ბრძანებების და სანქციების დრო დამთავრდა. ჩვენ თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, სადაც თითოეული მოქალაქის მოსაზრება პატივსაცემი და გასათვალისწინებელია“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


 

2015 წლის 17 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძე დაასახელა. ნინო გვენეტაძე პრეზიდენტმა 28 კანდიდატიდან შეარჩია.

 

 

 

 

25 თებერვალს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭრა.


მასალების გადაბეჭდვის წესი