ახალი ამბები

აშშ-ში გარდაცვალების 6 და ფილტვის დაავადებათა 380 შემთხვევას ელ. სიგარეტის მოხმარებას უკავშირებენ

13 სექტემბერი, 2019 • 1661
აშშ-ში გარდაცვალების 6 და ფილტვის დაავადებათა 380 შემთხვევას ელ. სიგარეტის მოხმარებას უკავშირებენ

აშშ-ში 6 გარდაცვალებასა და ფილტვის დაავადებათა დაახლოებით 380 შემთხვევას  ელექტრონული სიგარეტის მოხმარებას (მისგან წარმოქმნილ კვამლს) უკავშირებენ.

თუმცა ჯერჯერობით უცნობია ზუსტი კავშირი ელექტორნული სიგარეტის მოხმარებასა და ფილტვის დაავადებათა განვითარებას შორის, აშშ-ში ელექტორნულ სიგარეტებზე რეგულაციების გამკაცრებაზე უკვე ფიქრობენ.

ერთ-ერთი დაზარალებული, 18 წლის ადამ ჰერგენრედერი, CNN-თან ამბობს, რომ ელექტრონულ სიგარეტს წელიწადნახევრის განმავლობაში მოიხმარდა, რის შემდეგაც “მისი ფილტვები 70 წლის ადამიანის ფილტვების მსგავსი“ გახდა. ინტერვიუში ახალგაზრდა ყვება, რომ ელექტორნული სიგარეტი, რომელსაც  ეწეოდა, ნიკოტინსა და ტჰკ-ს [ტეტრაჰიდროკანაბინოლი – კანაფის მთავარი კომპონენტი; კანაბინოიდი] შეიცავდა.

თუმცა ეს პრობლემა, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიხედვით, გაცილებით უფრო მასშტაბურია. მათ თქმით, ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი სკოლის [High School – 9-დან 12 კლასი] მოსწავლეთა მეოთხედზე მეტს ელექტრონული სიგარეტი ერთხელ მაინც გაუსინჯავს. მოსწავლეთა უმეტესობა ხილის ან/და მენთოლის არომატის ელექტრონულ სიგარეტს მოიხმარს.

რაც შეეხება გარდაცვალებებს, ელექტრონული სიგარეტის მოხმარებას აშშ-ის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები 6 სიკვდილს უკავშირებენ, რომლებიც ქვეყნის ირგვლივ 6 განსხვავებულ შტატში – კალიფორნიაში, ილინოისში, ინდიანაში, მინესოტაში, ორეგონსა და კანზასში- დაფიქსირდა.

ელექტრონულ სიგარეტებთან დაკაშირებული დაავადებებით პირველი ადამიანი აგვისტოში გარდაიცვალა, ბოლო პაციენტი კი- სამშაბათს. ეს უკანასკნელი 50 წელს გადაცილებული ქალი იყო, რომელსაც სხვა სახის დაავადებებიც ჰქონდა. თუმცა ელექტორნული სიგარეტების მოხმარების დაწყებიდან მისი სიმპტომები სწრაფად პროგრესირდა, საბოლოოდ კი მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი კავშირი, რომელიც ელექტრონული სიგარეტების მოხმარებასა და ფილტვების დაავადებათა განვითარების შორის არსებობს, თუმცა ყველა დაფიქსირებულ შემთხვევაში პაციენტი მართლაც მოიხმარდა ამა თუ იმ სახის ელექტრონულ სიგარეტს, ზოგიერთი მათგანი კი ამბობს, რომ აღნიშული პროდუქტი კანაბინოიდს [როგორიცაა ტჰკ] შეიცავდა.

ამასთანავე, ექიმების ნაწილს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ კანაბინოიდის შემცველ ელექტრონულ.სიგარეტთა უმეტესობა ტოკოფეროლის აცეტატის (ვიტამინი E) განსაკუთრებით დიდ რაოდენობას შეიცავდა. მათივე თქმით, იმ ელექტრონული.სიგარეტის, რომელიც ნიკოტის შეიცავს, ერთი კარტრიჯის [სითხის ქილის] მიღება ისეთივე საზიანოა, როგორც ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევა.

ფილტვის დაავადებათა ზრდის პარალელურად, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, აღნიშნულ პრობლემაზე სწრაფი რეაგირება მოახდინოს. განცხადებაში, რომელიც ადმინსიტრაციამ გამოაქვეყნა, წერია, რომ ელექტრონული სიგარეტის მოხმარების ზრდასთან საბრძოლველად ახალგაზრდებში ცნობიერება უნდა ამაღლდეს.

ოთხშაბათს კი ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ-ის ბაზრიდან ყველა სახის არომატიზებული ელექტორნული სიგარეტის ამოღებას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი