პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საგამოძიებო ორგანო დაკავებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება სწორი და სამართლიანია. ადვოკატის თქმით, 21 წლის ი.ბ.-ს მშობლები დღესვე შეეცდებიან გირაოს თანხის გადახდას, რის შემდეგაც დაკავებული საპატიმროს დატოვებს.
აქციაზე “შემოულაწუნე”, რომელიც 4 მარტს “ვარდების მოედანზე” დაიწყო, “ინტერპრესნიუსის” ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე სცემეს. შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მუხლი ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება ან განადგურების მუხლით გადაკვალიფიცირდა.
პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, პირი, რომელმაც ირაკლი გედენიძე სცემა, პარტიის წევრის გიორგი ბეგიაშვილის შვილია. კუკავას განცხადებით, გიორგი ბეგიაშვილი პარტიიდან გარიცხეს.