“გრაფიკული პროექციები საქართველოს პარლამენტის, მთავრობის კანცელარიისა და პრეზიდენტის სასახლის კედლებზე გახსნის საზოგადოებრივ მსჯელობას ქალთა საარჩევნო კვოტის შემოღების შესახებ”-ნათქვამია გაეროს განვითარების პროგრამის “ფეისბუქის”ოფციალურ გვერდზე, რომელიც პროექციის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.
გენერის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში მიღებაც გაიმართა. ღონისძიებას საქართველოში სხვადასხვა სფეროში მომუშავე წარმატებული ქალები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები დაესწრნენ.
“ჩვენ ვუჭერთ მხარს იმ ცვლილებებს, რომელიც, იმედია, განხორციელდება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ქალბატონები ბევრად უფრო აქტიურად იქნებიან წარმოდგენილი პოლიტიკურ სისტემებში და ამას უზრუნველყოფს შესაბამისი კანონი. კიდევ ერთხელ მსურს დავარწმუნო ყველა პოლიტიკოსი, რომელიც განიხილავს ამ კანონს – ეს არ არის უბრალოდ იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ რაღაც მოთხოვნები; ეს არის იმისთვის, რომ საქართველოში დადგეს ბევრად უფრო მშვიდი, ბევრად უფრო რაციონალური, ბევრად უფრო მომავალზე ორიენტირებული და ბევრად უფრო პროგრესული პოლიტიკური ვითარება. მე იმედი მაქვს, რომ ეს კანონი იქნება მიღებული და, ბუნებრივია, ამ ეტაპიდანვე ვამბობ, რომ მე მისი აქტიური მხარდამჭერი ვიქნები. ჩვენ, ერთი მხრივ, ვდგამთ პოლიტიკურ ნაბიჯებს, მეორე მხრივ, 2015 წელი გამოვაცხადეთ „ქალთა წლად“, რასაც, ბუნებრივია, ყოველ ეტაპზე ხაზს გავუსვამთ და შევუწყობთ ხელს როგორც დანიშვნების ნაწილში, ისევე საკითხთა გადაწყვეტის ნაწილში, ისევე საკანონმდებლო ნაწილში, რომ ქალთა საკითხი იყოს წინ წამოწეული.“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ 17-ია ქალი დეპუტატი, ანუ, ჯამში, 11.3%. ინტერ-საპარლამენტო კავშირის 2015 წლის მონაცემებით, ამ შედეგით საქართველო მსოფლიოში 106-ე ადგილს იკავებს და რეგიონში სომხეთის გარდა ყველა ქვეყანას ჩამორჩება. გენდერის სპეციალისტებისა და უფლებადამცველების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ შედეგის აღმოსაფხვრელად და პარლამენტში მეტ-ნაკლები გენდერული ბალანსის მისაღწევად საჭიროა დროებით კვოტების დაწესება, ანუ მანდატების გარკვეული რაოდენობის ქალის კანდიდატებისათვის განსაზღვრა.
სწორედ ამიტომ, “ქალთა მოძრაობა” რვა მარტს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში აწყობს მსვლელობას, რომლის მიზანია ხელი შუეწყოს ქალთა პოლიტიკურ აქტიურობას საქართველოში და რომლის მიზანია მეტი ქალი მოვიდეს პოლიტიკაში.
მსვლელობა თბილისში, 8 მარტს, სამ საათზე, ვარდების მოედნიდან დაიწყება და გაგრძელდება ყოფილი პარლამენტის შენობამდე.
შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ “ნეტგაზეთის” გამოკითხვაში და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, უჭერთ თუ არა მხარს პარლამენტში ქალი დეპუტატებისთვის კვოტების დაწესებას.