ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა პრეზიდენტის მრჩეველ გიორგი აბაშიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მთავრობისაგან სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა არ მიუღია:
“მე მქონდა გუშინ, გვიან ღამით შეხვედრა გიორგი აბაშიშვილთან, ვისაუბრეთ ყველაფერზე. მე ვუთხარი მას, რა სტადიაშიც არის ეს გეგმა – ზუსტდება პატარა, გარკვეული კომპონენტები ბიუჯეტის კუთხით და ასევე პროგნოზები მომავალი თვეების მიხედვით. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი და მინდა ვთქვა, რომ ამ გეგმის დასრულებამდე თუ წარდგენამდე ჩვენ არ გავჩერებულვართ და ძალიან აქტიური მუშაობა მიდის ყველა უწყებაში – ეკონომიკის სამინისტროში ყველა საპრვატიზაციო ობიექტი აქტიური მომზადების პროცესშია და უკვე ნაწილი გატანილია აუქციონზე. ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს მკაცრ მონიტორინგს ხარჯების შესრულების კუთხით, ეს განსაკუთრებით ეხება კაპიტალურ დანახარჯებს” -განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
კვირიკაშვილის განცხადებთ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა პროექტების იდენტიფიცირების კუთხით:
“აქაც მიმდინარე პროცესია. ტურიზმის ადმინისტრაციამ უკვე ცხრა ქვეყანაში დაიწყო ძალიან აქტიური სარეკლამო კამპანია და მზადდება მთელი სერია სხვადასხვა ღონისძიებებისა საქართველოს ქალაქებში. ამის გარდა, ორმხრივ ურთიერთობებში, მინისტრების დონეზე მიმდინარეობს კოორდინაციული მუშაობა ტურიზმის ადმინისტრაციებს შორის. ასე რომ, რაიმე განსაკუთრებული, თითქოს რაღაცა ვადები დაირღვა, არ ხდება. ეს გეგმა ჩვენ ფაქტიურად უკვე გაცხადებული გვაქვს და ბევრჯერ ვთქვით, თუ რა მიმართულებით მივდივართ. სამუშაოს მიმდინარეობის პარალელურად, უახლოეს დღეებში მოხდება ჩვენი ნაბიჯების დაზუსტება და საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი ცნობილი გახდება. ამიტომ ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც სამუშაო პროცესს და ძალიან ვთხოვ ყველას, ნუ შეიქმნება აჟიოტაჟი რაღაც ასეთი ვადების დათქმითა და მერე ვითომ დარღვევით. არაფერი ასეთი არ ხდება.”