ახალი ამბები

ვოლსკი კიდევ ერთხელ უარყოფს, რომ “ოცნებამ” აშშ-ს სასურველი ელჩი არ დაანიშნინა

12 სექტემბერი, 2019 • 1453
ვოლსკი კიდევ ერთხელ უარყოფს, რომ “ოცნებამ” აშშ-ს სასურველი ელჩი არ დაანიშნინა

როგორ წარმოგიდგენიათ, აშშ საქართველოს მოუსმენდა თავის გადაწყვეტილების მიღებაში? – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დენიელ ფრიდის განცხადებას იმის შესახებ, რომ “ქართულ ოცნებაში“ ბევრს ჰგონია, რომ ამერიკელები მხოლოდ სააკაშვილს უჭერენ მხარს, ამიტომაც მათ დაბლოკეს ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა საქართველოში ელჩად”.

“იმის განცხადება, რომ საქართველოში თურმე ამერიკა ჰგონიათ სააკაშვილის მხარდამჭერი, არის არასწორი პოლიტიკურად. საქართველოში ნამდვილად არ ჰგონიათ ამერიკა სააკაშვილის მხარდამჭერი და ზუსტად იციან, რომ საქართველოს მხარდამჭერია. არანაირი შეხსენება არ იყო საჭირო დენ ფრიდისგან, რომ ეს გვცოდნოდა.

რაც შეეხება ბრიჯიტ ბრინკის თემას, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ამერიკის შეერთებული შტატები, მისი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი, რესპუბლიკელთა და დემოკრატთა ურთიერთობის ხარისხიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს, საქართველოს მოუსმენდა თავის გადაწყვეტილების მიღებაში?! არათუ პატარა სახელმწიფო, არამედ ვერც ერთი ქვეყანა აშშ-ს ვერ აიძულებს, მიიღოს ის გადაწყვდტილება, რომელიც მათ არ მიაჩნიათ სწორად. თუკი გადაწყვიტეს ამ ელჩის დანიშვნა, ეს ნიშნავს, რომ მათი გადაწყვეტილებაა და ამაზე გავლენის მოხდენა არის არარელევანტური”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ დენ ფრიდი იტყუება, ვოლსკი პასუხობს, რომ ასე უხეშად არ იტყოდა, მათ უბრალოდ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ამ თემაზე.

“ქართულ ოცნებაში“ ბევრს ჰგონია, რომ ამერიკელები მხოლოდ სააკაშვილს უჭერენ მხარს, ამიტომაც მათ დაბლოკეს ბრიჯიტ ბრინკი, საქართველოში აშშ-ის ელჩად რომ ჩამოსულიყო – ეს იყო შეცდომა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დენიელ ფრიდმა განაცხადა.

ფრიდმა აქვე აღნიშნა, რომ აშშ არც “პროსააკაშვილურია“ და არც “პროივანიშვილური“ – ის საქართველოს მხარეს დგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი