ახალი ამბები

₾ 41 ათასის ღირებულების სამშენებლო მასალა ბაჟის გადახდის გარეშე შემოიტანეს – საგამოძიებო სამსახური

12 სექტემბერი, 2019 • 1211
₾ 41 ათასის ღირებულების სამშენებლო მასალა ბაჟის გადახდის გარეშე შემოიტანეს – საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში 41 286  ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა საბაჟო მოსაკრებლის გადახდის გარეშე შემოიტანეს.

უწყება ამბობს, რომ საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ბრალდებით ორი პირი დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ – ერთი კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში შემოიტანეს 41 286 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა, რომელიც მოაქციეს საბაჟო სასაწყობო რეჟიმში და საქონლის განბაჟებასთან დაკავშირებული პროცედურების გვერდის ავლით, შესაბამისი საბაჟო მოსაკრებლების გადახდის გარეშე, ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება – გამოყენების გზით, საქართველოში მისი რეალიზაცია განახორციელეს,“ – წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი