ახალი ამბები

ახლა ასეთი დისკუსიის აზრს ვერ ვხედავ – აპატურაი მე-5 მუხლთან დაკავშირებულ ინიციატივაზე

11 სექტემბერი, 2019 • 2874
ახლა ასეთი დისკუსიის აზრს ვერ ვხედავ – აპატურაი მე-5 მუხლთან დაკავშირებულ ინიციატივაზე

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი უდროოდ მიიჩნევს დისკუსიას იმის შესახებ, რომ საქართველო გაწევრიანდეს ნატო-ში მე-5 მუხლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუვრცელებლობის დათქმით.

“გავეცანი საქართველოში მიმდინარე აზრთა გაცვლა-გამოცვლას ალიანსში გაწევრიანების თაობაზე ისე, რომ მე-5 მუხლმა არ დაფაროს ორი რეგიონი. ჩემი თვალთახედვით, ახლა ამ დისკუსიას აზრი არ აქვს. მე ვერ ვხედავ ნატო-ში ამის განხილვის მზაობას. არც თავად მჯერა, რომ არსებულ საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში ეს იდეა დროულია. საქართველოს საელჩო ნატო-სთან აქტიურად უწყობს ხელს მეტ საქართველოს ნატო-ში და მეტ ნატო-ს საქართველოში, ნათელი და კონკრეტული იდეებით. ეს არის სწორი მიდგომა პოლიტიკურად და პრაქტიკულად. ჩრდილოატლანტიკური საბჭო მალე ეწვევა საქართველოს, რათა განიხილოს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები, მათ შორის, დაეხმაროს საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებელ რეფორმებში”, – წერს აპატურაი.

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 10 სექტემბერს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ქართულ საზოგადოებას შესთავაზა, ქვეყნის შიგნით განიხილოს, დათანხმდებოდა თუ არა ნატო-ში მიღების ისეთ მოდელს,  რომლის მიხედვითაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდებოდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემიდან გამომდინარე და იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ალიანსს არ სურს, ჩაერთოს რუსეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უკვე არსებული კონფლიქტის გამო, აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში არაოფიციალურად დიდი ხანია მსჯელობენ ვარიანტზე – საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდეს იმ დათქმით, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება.

ეს ინიციატივა კიდევ უფრო აქტუალური გახდა 2018 წელს, როდესაც კვლევითმა და ანალიტიკურმა ცენტრმა Heritage Foundation-მა გამოაქვეყნა მკვლევარ ლუკ კოფის ნარკვევი, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრებას ეხება. ავტორის მტკიცებით, პირად საუბრებში საქართველოს მთავრობის წევრები თანახმანი არიან, საქართველო იმ პირობით გახდეს ნატოს წევრი, თუ ნატოს მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ქვეყნის ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთსა და ცხინვალზე.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ გასულ წელსაც განაცხადა, რომ არარეალისტურია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე მსჯელობა იმ პირობით, რომ მეხუთე მუხლის მოქმედება არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ამავე თემაზე:

აპატურაი: არარეალისტურია საქართველოს ნატოში გაწევრება მეხუთე მუხლის ნაწილობრივ მოქმედებით

მასალების გადაბეჭდვის წესი