ახალი ამბები

„მუდამ თავის მართლების რეჟიმში რატომ უნდა ვიყოთ“? — პანკისელი ისლამ გორგიშვილი

11 სექტემბერი, 2019 • 4362
„მუდამ თავის მართლების რეჟიმში რატომ უნდა ვიყოთ“? — პანკისელი ისლამ გორგიშვილი

ისლამ გორგიშვილი, 25 წლის, პანკისის ხეობის სოფელი ომალოდან:

„რატომ ასოცირდება პანკისის ხეობა ნეგატივთან, ტერორიზმთან და რატომ უჩნდებათ პანკისის ხეობის ხსენებაზე მოლოდინი, რომ საშიშროება ხდება, საშიში რამე ხდება?..

ჩემს ქართველ მეგობრებთანაც, რომლებთანაც ურთიერთობა მაქვს; მაგალითად, სკოლაშიც, როცა თელავში დავდიოდი, კლასელები და მეგობრები სულ მეუბნებოდნენ, „პანკისის ხეობაში რომ ამოვიდე, როგორ მოვიქცე იქ, რამე ხომ არ დაგვემართება“… ბევრს უკითხავს, „იარაღის ყიდვა თუ შეიძლება იქ, იარაღით თუ ვაჭრობენ“. ასეთი დამოკიდებულებები იყო…

ყოველთვის, როცა რამე ხდება ხოლმე ხეობაში, ამის დრამატიზება ხდება ხოლმე. შეიძლება, ის, რაც პანკისის ხეობაში ხდება, სხვა რეგიონში რომ მოხდეს, მაგას არავინ ყურადღება არ მიაქციოს, მაგრამ პანკისის ხეობაში რომ ხდება, ეს უკვე ამბავია. ყველა დრამატიზებას ახდენს ამისას, თითქოს დიდი ტრაგედია მოხდა ქვეყანაში…

თუნდაც იგივე 21 აპრილის მოვლენებიც ამ სტერეოტიპებს და სტიგმებს უფრო აძლიერებს. რა თქმა უნდა, ეს ადგილობრივებზე უარყოფითად აისახება. 21 აპრილის მოვლენებმაც ყველაზე მეტად ჩვენ, პანკისელები, დაგვაზარალა. იმიტომ, რომ ყოველთვის გვიწევს ხოლმე თავის გამართლების რეჟიმში ვიყოთ, რომ ჩვენ არ ვართ კაციჭამიები ან ტერორისტები. ჩვენ საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ. წყნარი ხეობაა, წყნარი ხალხია.

რატომ უნდა მიწევდეს საქართველოს მოქალაქეს, ახალგაზრდას, იმის მტკიცება, ჩემი რესურსების იმაში დახარჯვა იმის მტკიცებაში, რომ მე არ ვარ საფრთხის შემცველი ტერორისტი? რატომ არ უნდა ვხარჯავდეთ ჩვენს რესურსებს ჩვენი და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის? ესეც გარკვეულწილად ძალიან დიდ იმედგაცრუებაა და ვწუხვართ, რომ თავის მართლების რეჟიმში გვიწევს სულ ყოფნა.

იწერება ხოლმე კომენტარები, „ეს ჩამოსულები რამდენს გვიბედავენ, წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში, თავიანთ მიწაზე და იქ გაბედონ ამდენი; „კეთილი ინებონ და დაემორჩილონ ჩვენს კანონს“.

ძალიან სამწუხაროა. ვგრძნობთ, რომ ჩვენ მიმართ არის ასეთი დამოკიდებულებები. ესეც გარკვეულწილად გვიქმნის იმის შეგრძნებას, რომ ჩვენ არ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომ ჩვენ ვართ „სხვა“.

ამ გამოხტომებზე დიდი რეაგირება არ გვაქვს ხოლმე, თუმცა გულის სიღრმეში მაინც ჩაგვწვდება ხოლმე ის კომენტარი, თუმცა ჩვენ რაც უნდა ვიწვალოთ ჩვენი აქტივობებით, არაფერი არ გამოვა, თუ სახელმწიფოც არ დაგვეხმარა; თუ სახელმწიფოც არ იზრუნებს, სახელმწიფოც არ დაგვიდგება გვერდში, რომ ეს სტიგმები და სტერეოტიპები დავამსხვრიოთ“.


ნახეთ ასევე:

 

მასალა მომზადებულია პროექტის, „უჩინარების ისტორიები“, ფარგლებში.

პროექტი უჩინარები. აშშ-ს საელჩო

მასალების გადაბეჭდვის წესი