ახალი ამბები

ქალების საჭიროებები კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დოკუმენტებში

11 სექტემბერი, 2019 •
ქალების საჭიროებები კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დოკუმენტებში

ავტორი: ნინო ჯანაშია/ფემინსტრიმი

“ფემინსტრიმის” ავტორი ნინო ჯანაშია ესაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტს, კლიმატის ცვლილების პოლიტიკისა და სამართლის მკვლევარ ქეთევან ვარდოსანიძეს.

მოისმინეთ/წაიკითხეთ:

დღევანდელ პოდკასტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტთან, კლიმატის ცვლილების პოლიტიკისა და სამართლის მკვლევარ ქეთევან ვარდოსანიძესთან ერთად ვისაუბრებ. დღეს განვიხილავთ, თუ როგორ უნდა აისახოს კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დოკუმენტებში და სამოქმედო გეგმებში ის პრობლემები, რომლებიც კლიმატის ცვლილების ეპოქაში საქართველოში მცხოვრებ ქალებზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.

პირველივე პოდკასტში ვსაუბრობდი იმაზე, რომ კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დოკუმენტები და სამოქმედო გეგმები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხშირად ნეიტრალური და ძალიან ტექნიკურია, მაშინ როცა ამ დოკუმენტებში შეტანილ ღონისძიებებს დიდი გავლენა უნდა ჰქონდეს ჩვენს სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე.

ასევე ვახსენე, რომ მთელი რიგი მიზეზებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ეს დოკუმენტები იყოს გენდერულად სენსიტიური და ითვალისწინებდეს ქალების საჭიროებებსა და მათი გაძლიერების კონკრეტულ პროგრამას.

ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ პირველ რიგში, უნდა მოხდეს ქვეყნისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი. ეს გულისხმობს მასშტაბურ კვლევას, რომელიც მონაცემებზე და ფაქტებზე დაყრდნობით განავითარებს რეკომენდაციებს მთელ რიგ საკითხებზე, რაც აუცილებელია გათვალისწინებული იყოს კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დოკუმენტებში.

მიუხედავად ასეთი ვითარებისა, რომ არ არსებობს კვლევა, შევეცდები მაინც რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო, რომ მსმენელისთვის თვალსაჩინო გავხადო ქალების გამოწვევები.

იკვეთება, რომ სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებები განსხვავდება ქალაქში მცხოვრები ქალების საჭიროებებისგან. ასევე განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა.  მაგალითად, საქართველოში სოფლად უმეტესწილად სწორედ ქალები არიან პასუხისმგებელი ბავშვების აღზრდაზე, წყლის მომარაგებაზე, გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად საჭირო ენერგიის მოპოვებაზე. ისინი ფერმერული საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილსაც ასრულებენ და ა.შ. მაგალითად, წყლის პრობლემას თუ გამოვყოფთ, თუკი ზოგიერთ რეგიონში კლიმატის ცვლილებასთან ერთად პრობლემური გახდება წყლის რესურსებზე წვდომა, ქალებს მოუწევთ მეტი დროისა და ენერგიის დახარჯვა იმისათვის, რომ უზრუნველყონ წყალი ოჯახში, რაც ძალიან დაამძიმებს მათ შრომას.

ქალაქში მცხოვრებ ქალების მაგალითზე რომ გადავიდეთ, პირველ რიგში, ტრანსპორტის სექტორია აღსანიშნავი. ეს სექტორი გამოირჩევა სათბურის გაზების გაფრქვევის დიდი წილით და ზოგადად, საქართველოს დიდ ქალაქებში ჰაერის გამონაბოლქვით დაბინძურება ზოგიერთ უბანში კრიტიკულ ზღვარს აღწევს. ამიტომ მომავალში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სწორედ ამ სექტორში კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის გაზების შემცირებას. ეს კი ახალი სტრატეგიების, ინიციატივების და პროექტების განხორციელებას  გულისხმობს.

ქალები და მამაკაცები ტრანსპორტს ყოველდღიურ ცხოვრებაში განსხვავებულად იყენებენ, ვინაიდან ქალებს უწევთ რეპროდუქციული, ოჯახზე ზრუნვის და სამსახურთან დაკავშირებული აქტივობების შეთავსება. ქალების უმრავლესობის ძირითად ფუნქციაში ჯერ კიდევ შედის ოჯახის საკვებით უზრუნველყოფა, სასურსათზე მარაგის შევსება, ბავშვების სკოლაში და სხვადასხვა წრეებზე ტრანსპორტირება და ა.შ. ანუ ქალების უმრავლესობის ქალაქში გადაადგილება, კაცებისგან განსხვავებით, უფრო კომპლექსურია და  სხვადასხვა მიზანს ემსახურება. საინტერესოა, რომ ზოგადად, ქალები საზოგადოებრივ ტრანსპორტს უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე კაცები, ასევე უფრო მეტს გადაადგილდებიან ფეხით.

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისას ქალებს მრავალი ფიზიკური ბარიერიც ხვდებათ. მაგალითად, განსაკუთრებით რთულია მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მგზავრობა. გარდა ამისა, ქალები ხშირად სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი არიან. ამ ზოგადი მიმოხილვითაც ჩანს, რომ ქალებს და კაცებს, როცა საქმე ტრანსპორტის სექტორს ეხება, სხვადასხვა საჭიროებები აქვთ.

ამ მაგალითებმა, იმედია, უფრო თვალსაჩინო გახადა, რომ არსებობს განსხვავებული საჭიროებები და სპეციფიკა, რომელთა გათვალისწინებაც და მეინსტრიმინგი აუცილებელია კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმებში და პროექტებში, იქნება ეს მდგრად ურბანულ განვითარებასთან, თუ სოფლის მდგრად განვითარებასან დაკავშირებული აქტივობები.

საკითხი ძალიან კომპლექსურია და  სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს.

ქეთი, საინტერესოა თქვენი, როგორც კლიმატის ცვლილების პოლიტიკისა და სამართლის მკვლევრის, მოსაზრების მოსმენა იმის შესახებ, თუ რა ინსტრუმენტები არსებობს და როგორ უნდა ითარგმნოს ის პრობლემები, რომლებიც კლიმატის ცვლილების ეპოქაში საქართველოში მცხოვრებ ქალებზე ახდენს უარყოფით ზეგავლენას კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დოკუმენტებში და სამოქმედო გეგმებში. როგორ უნდა წარიმართოს პროცესები, რათა ქალთა უფლებები იყოს მაქისმალურად დაცული და მათი საჭიროებები გათვალისწინებული სამოქმედო გეგმების განხორციელების ეტაპზე?

ქეთევან ვარდოსანიძე: მადლობა მოწვევისთვის და მადლობა თქვენ და „ფემინსტრიმს“ ამ თემის წამოწევისთვის. დიახ, როგორც აღნიშნეთ, კლიმატის ცვლილებას, მის ნეგატიურ შდეგებს აქვს განსხვავებული გავლენა მოსახლეობაზე, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ასაკის და გენდერის მიხედვით. კლიმატის ცვლილების შედეგების მიმართ განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან საზოგადოების ღარიბი და ისედაც მოწყვლადი ჯგუფები. აღიარებულია, რომ კლიმატის ცვლილებას განსხვავებული გავლენა აქვს ქალებსა და მამაკაცებზე. თავად ქალებს შორისაც კი განსხვავებულია გავლენა, საზოგადეობასა და ოჯახში როლის და ფუნქციის მიხედვით. უფრო კონკრეტულად კი, განსხვავებულია გავლენა  ქალაქში მცხოვრებ ქალებზე, სოფლად მცხოვრებ ქალებზე, სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფ ქალებზე, იქნება ეს ორსულად მყოფი ქალი, მეძუძური დედა, მენოპაუზის მდგომარეობაში მყოფი ქალი და ა.შ.

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა არ არის გენდერულად ნეიტრალური, შესაბამისად, არც მასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ღონისძიებები და მოქმედებები უნდა იყოს ნეიტრალური. პირიქით, გენდერული ასპექტები უნდა იყოს გათვალისწინებული ამ დოკუმენტებში. პრინციპში, საერთაშორისო საზოგადეობის მიდგომაც ასეთია უკვე. ვისაუბრებ იმ საერთაშორისო რეჟიმსა და მიდგომებზე, რაც კლიმატის ცვლილებასა და გენდერულ ასპექტებს ეხება. დროის სიმცირის გამო ძირითად საკითხებზე შევჩერდები.

ამ საკითხებთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი იყო გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო- კონვენცია და მისი ადრეული მიდგომა. გენდერულად დაბალანსებული იყო თავად კონვენციის სამდივნო და დაკაშირებული ორგანოები. შემდეგი განვითარება იყო უკვე მოწოდება მხარეებისათვის, დელეგაციებში ქალთა წარმომადგენლობა გაეზარდათ. თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ პრობლემურია რიგი ქვეყნის დელეგაციებთან.

პარიზის შეთანხმებამ განსაკუთრებულად შეცვალა ყველაფერი. ეს შეთანხმება ბევრი მიზეზის გამო არის ისტორიული, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი ამის არის ის, რომ მხარეებისათვის სავალდებულოა შესასრულებლად.

გენდერული საკითხები პარიზის შეთანხმებაში სამ ადგილას გვხვდება, პირველი, ეს არის პრეამბულა, მეორე – მეშვიდე მუხლი ანუ ადაპტაციის მუხლი, მესამე კი – მე- 11 მუხლი, შესაძლობლობებისა და უნარების გაზრდის ნაწილი.

როგორც პრეამბულაშია აღნიშნული, მხარეები აღიარებენ, რომ  კლიმატის ცვლილება კაცობრიობის საერთო შეშფოთების საგანია და მხარეებმა კლიმატის ცვლილებაზე რეაგირებისას პატივი უნდა სცენ და ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებებს – ჯანმრთელობის უფლებას, მკვიდრი მოსახლეობის უფლებებს, მიგრანტების, ბავშვები, შშმ პირების და ა.შ.

ასევე საინტერესოა მეორე დოკუმენტი ჩარჩო-კონვენციის ფარგლებში მომზადებული – 2017 წელს მიღებული გენდერის სამოქმედო გეგმა, რომელიც  არაა სავალდებულო მხარეებისთვის შესასრულებლად, თუმცა განსაზღვრავს პრიორიტეტებს და მოუწოდებს მხარეებს გენდერული საკითხების გათვალისწინებისაკენ.

რაც შეეხება რეკომენდაცების ნაწილს, ძირითადად ორი მიმართულებითაა, პირველი – რა როლი შეუძლია ითამაშოს ქალმა კლიმატის ცვლილების ნეგატიურ შედეგებთან ბრძოლაში და მეორე, რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ქალებზე. ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, რომ გადმოვთარგმნოთ ეროვნულ კონტექსტში, არის რამდენიმე რეკომენდაცია. მთავარი რეკომენდაციაა ჩატარდეს კვლევები ქალისა და მამაკაცის როლების გადანაწილებასა და ფუნქციებზე სექტორების მიხედვით. სხვადასხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პრობლემები აქვთ ქალებს. შესაბამისად, ესეც გასათვალისწინებელია, რადგან გავლენაც სხვადასხვაა. მაგალითად, ქვეყნების მიხედვით განსხვავდება ქალის როლი სოფლის მეურნეობაში, წყლის რესურსებთან მიმართებაში, საკვების მარაგთან მიმართებაში. მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა ასევე ქალის როლის გაძლიერება, მათი ცოდნის, გამოცდილების, უნარების გამოყენება შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვისას.

რაც შეეხება საქართველოს, ძალიან საინტერესო პროცესები მიდის ჩვენთანაც: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ანახლებს ეროვნულ დონეზე  განსაზღვრულ წვლილის დოკუმენტს, ასევე ამზდებს კლიმატის სამოქმედო გეგმას და ძალიან საინტერესო იქნება, თუ ვნახავთ გენდერულ ასპექტებს ამ დოკუმენტში.

ნინო ჯანაშია: დიდი მადლობა, ქეთი. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში კიდევ უფრო დაკონკრეტდება ქალთა საჭიროებები ამ დოკუმენტებსა  და სამქომედო გეგმებში და, რაც მთავარია, ეს გეგმები არ დარჩება მხოლოდ ჩანაწერის სახით.


მთავარ ფოტოზე: ნინო ჯანაშია. ფოტო: ქალთა ფონდი საქართველოში


პროექტი   “ფემინსტრიმი”  პოდკასტების სერიაა, რომელსაც  წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი . კონტენტი მომზადებულია ქალთა ფონდის მიერ. 

მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს “ნეტგაზეთის” პოზიციას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი