ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა.
“დღეს ჩვენ ვაფორმებთ ამ მართლაც მნიშვნელოვან მემორანდუმს მსოფლიოს ლიდერ კომპანია Microsoft-თან და ამით კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ წინ ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე და ცივილიზებული ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის. საქართველო წლების განმავლობაში ავტორიზაციის გარეშე მოიხმარდა პროგრამულ უზრუნველყოფას და შეიძლება ითქვას, რომ, სამწუხაროდ, პროგრამული უზრუნველყოფის კოპირების კუთხით ჩვენ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. 2010 წელს 95% შეადგენა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს მემორანდუმი საავტორო უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობას გამოასწორებს.
“ჩვენ ვიქნებით პირველი პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვისაც ექნება სრულყოფილი, ლეგალური, ლიცენზირებული პროგრამები. ამ ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებენ სახელმწიფო დაწესებულებები, რაც იმის გარანტიას მოგვცემს, რომ უზუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაწესებულებების საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების უსაფრთხოება, მათი დაცულობა. ყველა საჯარო მოხელეს ექნება Microsoft-ის უახლესი პროგრამული უზუნრველყოფა”, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, ამ მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს და განვითარების მეტ საშუალებას მისცემს კერძო ბიზნესს, რომ შეაღწიოს იმ ქვეყნებში, სადაც ავტორიზაციის გარეშე პროგრამების გამოყენება არასამართლიან კონკურენციასთან არის გაიგივებული.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა აპირებს მიიღოს კიდევ სხვა საჭირო რეგულაციები, რაც ხელს შეუშლის საავტორო უფლებების დარღვევას:
“ჩვენ ვაპირებთ, რომ შემოვიღოთ საჭირო რეგულაციები და კანონები, რათა თავიდან ავიცილოთ ქვეყანაში ავტორიზაციის გარეშე კოპირება. დღევანდელი მემორანდუმის ხელმოწერით იწყება ახალი ეტაპი, რომელიც იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი თანამედროვე დასავლური სტანდარტების დამკვიდრებისკენ”.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და ვიცეპრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, Microsoft-თან ლიცენზირებული პროგრამების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 16-17 მილიონ ლარს შეადგენს, რასაც მთავრობა ეტაპობრივად გადაიხდის.