ახალი ამბებისაზოგადოება

რატომ არ ნიშნავს ნატოში “გერმანული მოდელით” შესვლა უარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

10 სექტემბერი, 2019 • 8968
რატომ არ ნიშნავს ნატოში “გერმანული მოდელით” შესვლა უარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

“მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ერთ ან ერთზე მეტ მხარეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა აღიქმება ყველას წინააღმდეგ თავდასხმად. არსებულ შემთხვევაში, გაერო-ს წესდების 51-ე მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური თუ კოლექტიური თავდაცვის უფლების საფუძველზე, მხარეები დახმარებას გაუწევენ საფრთხის ქვეშ მყოფ მხარეს ან მხარეებს და განახორციელებენ ყველა საჭირო ქმედებას, მათ შორის, სამხედრო ძალის გამოყენებას, ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით”, – ეს არის ნატო-ს დამფუძნებელი ხელშეკრულების საკვანძო, მე-5 მუხლი, რომელიც კოლექტიური თავდაცვის უფლებას შეეხება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემიდან გამომდინარე და იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ალიანსს არ სურს, ჩაერთოს რუსეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უკვე არსებული კონფლიქტის გამო, აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში არაოფიციალურად დიდი ხანია მსჯელობენ ვარიანტზე – საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდეს დათქმით, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება.

ეს ინიციატივა კიდევ უფრო აქტუალური გახდა 2018 წელს, როდესაც კვლევითმა და ანალიტიკურმა ცენტრმა Heritage Foundation-მა გამოაქვეყნა მკვლევარ ლუკ კოფის ნარკვევი, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრებას ეხება. ავტორის მტკიცებით, პირად საუბრებში საქართველოს მთავრობის წევრები თანახმანი არიან, საქართველო იმ პირობით გახდეს ნატო-ს წევრი, თუ ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ქვეყნის ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთსა და ცხინვალზე.

დისკუსია განაახლა დღეს, 10 სექტემბერს, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

მან შეცდომად შეაფასა ალიანსის გადაწყვეტილება, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე არ მიეცა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) საქართველოსა და უკრაინისთვის. რასმუსენის თქმით, ალიანსმა თავისი გადაწყვეტილებით მცდარი სიგნალი გაუგზავნა მოსკოვს, რომელმაც ამიტომაც შესაძლებლად ჩათვალა საქართველოზე თავდასხმა იმავე წლის აგვისტოში.

“მჭიდრო კავშირს ვხედავ ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას და 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმას შორის. ამით მოსკოვის მესიჯი იყო, რომ ალიანსს მის სამეზობლოში ხელი არ ეფათურებინა. ჩვენ შეგვეძლო ეს აგვეცილებინა საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებით”, – განაცხადა რასმუსენმა.

მისი თქმით, მომავალში, როდესაც ალიანსი მიაღწევს კონსენსუსს საქართველოს მიღებაზე, უნდა არსებობდეს შეთანხმება მე-5 მუხლთან დაკავშირებით.

“მე ვფიქრობ, თქვენ საქართველოს შიგნით უნდა გქონდეთ დისკუსია, მისაღებია თუ არა ალიანსში საქართველოს გაწევრიანება იმ პირობით, რომ მე-5 მუხლმა დაფაროს მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები და ამას პასუხი უნდა გავცეთ ნატო-შიც”, – განაცხადა რასმუსენმა.

ამ კონტექსტში რასმუსენმა გერმანიის მაგალითი მოიყვანა – დასავლეთ გერმანია ნატო-ს წევრი 1955 წელს გახდა. ცივი ომის დასრულებისა და გერმანიის გაერთიანების შემდეგ კი, ალიანსს აღმოსავლეთ გერმანია გაერთიანებული გერმანიის შემადგენლობაში შეუერთდა.

“ეს მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქნას საქართველოშიც”, – დასძინა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოკერი არ ფიქრობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნატო-ში გაწევრების პროცესი ერთმანეთთან შეუთავსებელოა.

“ყველა აქ მყოფი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გვსურს, ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი რეინტეგრაცია ვიხილოთ. ანდერს ფოგ რასმუსენმა გაახმოვანა მნიშვნელოვანი იდეა. საქართველომ უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს ძალისმიერად ამ ტერიტორიების შემოერთებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხოლოდ მშვიდობიან გზას განიხილავს. ნატო-ს შეუძლია იმავე იდეას დაეყრდნოს და თქვას, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მაგრამ გარკევული პერიოდი გამოვრიცხავთ მე-5 მუხლის ამოქმედებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რათა კონფლიქტის პრევენცია მოვახდინოთ”, – განაცხადა ვოკერმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი “ნეტგაზეთთან” საუბარში ადასტურებს, რომ ამ მოდელზე დისკუსია ოფიციალურ დონეზე ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს.

“2008 წლის ომის შემდეგ, სხვადასხვა დროს, ეს საკითხი მუდმივად იდგა ხოლმე დღის წესრიგში. ჩვენ ვეძებთ პრაგმატულ გამოსავალს იმ ჩაკეტილი წრიდან, რომელშიც ვიმყოფებით. ეძებდა [გამოსავალს] წინა ხელისუფლება, ეძებდა ხელისუფლება, რომელშიც მე ვიყავი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეძებს დღევანდელიც, თუმცა არ ვარ დარწმუნებული. ეს არის ყველაზე პრაგმატული გამოსავალი”, – განაცხადა ხიდაშელმა.

ხიდაშელის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განვასხვავოთ ის, რაც თქვა რასმუსენმა, მანამდე კი ლუკ კოფიმ და ის, რა ინტერპრეტაციასაც უკეთებენ ამას საქართველოში რუსული ინტერესების გამტარებელი პოლიტიკოსები.

“არასდროს, არსად, საქართველოს არცერთ მეგობარს არ უთქვამს, საქართველო გაწევრიანდეს ნატო-ში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. საუბარია საქართველოს გაწევრიანებაზე მისი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სრულად, დათქმით, რომ მე-5 მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არცერთი ისტორია ზუსტად არ იმეორებს ერთმანეთს, მაგრამ დაახლოებით ეს არის გერმანული მოდელი, როდესაც აღმოსავლეთ გერმანია იყო საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ, დასავლეთ გერმანია ნატო-ს წევრი გახდა, დღეს კი სრულად არის ალიანსის წევრი. მე პირადად ამ მოდელს აბსოლუტურად ვეთანხმები არა იმიტომ, რომ ყველაზე კარგია, არამედ იმიტომ, რომ ერთადერთი პრაგმატული შესაძლებლობაა დავიცვათ ქვეყანა და შევქმნათ შესაძლებლობა, საქართველო სრულად, ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, გახდეს წარმატებული, ძლიერი ქვეყანა. ეს არის ერთადერთი შანსი, რომელიც მიგვიყვანს, მათ შორის, ევროკავშირამდეც”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ხიდაშელის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ანდერს ფოგ რასმუსენი დღეს არ არის ნატო-ს გენერალური მდივანი, ასეთი ადამიანები განცხადებებს მხოლოდ საკუთარი თვალსაწიერიდან არასდროს აკეთებენ.

“ეს არ ნიშნავს, რომ მას აქვს ლეგიტიმაცია ან პირობა მიღებული ვინმესგან, მაგრამ ისინი ხშირად ცდილობენ, მოსინჯონ ნიადაგი პერსპექტივისთვის. ეს პერსპექტივა სახეზეა და შესაძლებელია, თუ, რა თქმა უნდა, მხარდაჭერილი იქნება ადგილზე. თუ აღმოჩნდა, რომ ადგილზე მას ქმედით წინააღმდეგობას უწევს ადგილობრივი ხელისუფლება, ბუნებრივია, განვითარება არ მოჰყვება. ჩვენ პირველად მოვისმინეთ ეს წინადადება ღიად წმინდა ექსპერტული წრეებისგან – ლუკ კოფისგან. დღეს უკვე გუშინდელი ნატო-ს გენერალური მდივანი როცა ახმოვანებს ამ იდეას, ვიღაც უნდა დაფიქრდეს სერიოზულად, რომ ამის უკან რეალიზების ლეგიტიმაცია დგას”, – ამბობს ხიდაშელი.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს დირექტორი დავით სიხარულიძე აცხადებს, რომ ამ იდეის ისე წარმოჩენა, თითქოს ადგილი აქვს რამე კომპრომისს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით სხვა არაფერია, თუ არა რუსული პროპაგანდა.

“საუბარია, საქართველომ განიხილოს შესაძლებლობა, ნატო-ში გაწევრიანდეს მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, თუმცა მე-5 მუხლი არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა მაშინვე რუსეთთან კონფრონტაციული კომპონენტი არ დადგეს დღის წესრიგში. ეს, ერთი მხრივ, დააჩქარებს საქართველოს ალიანსში გაწვერიანებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისთვის და დააჩქარებს თავად ამ ტერიტორიების ინტეგრაციას. ასე რომ, მე ვფიქრობ, ეს იდეა შესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” სიხარულიძემ.

ამავე თემაზე:

აპატურაი: არარეალისტურია საქართველოს ნატოში გაწევრება მეხუთე მუხლის ნაწილობრივ მოქმედებით

მასალების გადაბეჭდვის წესი