ახალი ამბები

ირაკლი გედენიძის ცემასთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს

4 მარტი, 2015 • • 1100
ირაკლი გედენიძის ცემასთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება ვარდების მოედანზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც საპროტესტო აქციაზე “ინტერპრესნიუსის” ფოტორეპორტიორს, ირაკლი გედენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო9”-ის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, ირაკლი გედენიძეს ორი ადამიანი უსწორდება ფიზიკურად. “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ირაკლი გედენიძე ვარდების მოედანზე აშუქებდა აქციას, სახელწოდებით “შემოულაწუნე”, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გმობს ჟურნალისტის მიმართ მსგავს ქმედებას და კიდევ ერთხელ შეახსენებს აქციის ორგანიზატორ პოლიტიკურ პარტიებს, რომ დაუშვებელია არათუ ფიზიკური ან სიტყვიერი ანგარიშსწორება, არამედ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაც კი.

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს, სასწრაფოდ გამოიძიონ ირაკლი გედენიძეზე თავდასხმის ფაქტი, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება. საბჭო აგრეთვე მიმართავს სამართალდამცველებსა და დემონსტრაციების ორგანიზატორებს, მაქსიმალურად დაიცვან და უზრუნველყონ მსგავს საპროტესტო აქციებზე მედიის წარმომადგენლების თავისუფალი გადაადგილება და მუშაობა”,-ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

აქციაზე “შემოულაწუნე”, რომელიც “ვარდების მოედანზე” დაიწყო, “ინტერპრესნიუსის” ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე სცემეს. შსს–ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით, ცემის ფაქტზე მიმდინარეობს, თუმცა ჰყავთ თუ არა დაკავებული, შსს–ში არ აცხადებენ. 

 

“ვიღებდი აქციის მზადების პროცესს და არ ესიამოვნა, რომ კადრში მოხვდებოდა, ერთ–ერთ მანქანაში იჯდა ეს ახალგაზრდა ბიჭი. დამიწყო საქმის გარჩევა, მეთქი, არ გიცნობ ვინ ხარ, რატომ მოხვედი ჩემთან, ამის შემდეგ დაიწყო გინება და შემდეგ გადავიდა ცემაზე. დაამტვრია აპარატურა. შემდეგ მოჰყვა თანმხლები ახალგაზრდა და მცემეს”,– ამბობს გედენიძე. 

 

ირაკლი გედენიძის ფოტოკამერა დამტვრეულია, მასზე თავდასხმის კადრები ინფო 9–მ გაავრცელა. 

 

აქცია არასაპარლამენტო ოპოზიციის ორგანიზებით გაიმართა და ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრთან დასრულდა. აქციაში მონაწილეობდნენ “რეფორმატორები”, “თავისუფალი საქართველო” და “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი