ახალი ამბები

ხაზარაძის გასაჯაროებულ წერილზე ათეულობით ანაბეჭდია აღმოჩენილი – ადვოკატი

10 სექტემბერი, 2019 • 1436
ხაზარაძის გასაჯაროებულ წერილზე ათეულობით ანაბეჭდია აღმოჩენილი – ადვოკატი

ლონდონში დასრულდა წერილის ექსპერტიზა, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაუგზავნა და კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ხაზარაძის ადვოკატმა, ეკა ეგუტიამ განუცხადა.

ადვოკატის თანახმად, წერილის ორივე გვერდზე ათეულობით ადამიანის ანაბეჭდი აღმოჩნდა და ახლა საქართველოს პროკურატურის პრეროგატივაა, დაადგინოს, ვის ეკუთვნის აღნიშნული ანაბეჭდები.

“ამ ეტაპზე ვიცით, რომ სხვადახვა პირის ათეულობით ანაბეჭდი აღმოაჩინეს წერილზე და გვაქვს ამის შედეგები, ანუ ანაბეჭდების ნუსხა. ახლა პროკურატურის მოვალეობა იქნება, რომ თვითონ შეადარონ, საქართველოს მოქალაქეების ნუსხაში რომელს ედრება ეს ანაბეჭდები.

…ჩვენ სხვისი ანაბეჭდების ბაზაში როგორ შევაღწევთ, ეს ადამიანის პირადი, სენსიტიური მონაცემია. შესაბამისად, ასეთი ქმედების უფლებამოსილება აქვს საქართველოს პროკურატურას. ამიტომ, ალბათ, ვითანამშრომლებთ პროკურატურასთან ამ შედეგებით”, – აღნიშნავს ეგუტია.

მისივე თქმით, წერილი გამოიკვლიეს ლონდონში მოქმედ ლაბორატორიაში, რომელსაც ბრიტანეთში მოქმედი სამართალდამცავი უწყებებიც იყენებენ. დოკუმენტი საქართველოში სტივენ ქეიმ ჩამოიტანა, საკითხზე მომუშავე ერთ-ერთმა ბრიტანელმა ექსპერტმა.


მიმდინარე წლის მარტში პარლამენტში გამოსვლისას ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მათ არ შეასრულეს.

“ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”, – აცხადებდა ხაზარაძე.

გახარიამ უარყო რაიმე წერილის გაგზავნის ფაქტი ხაზარაძესთან.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობდა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი