აქციის ორგანიზატორია დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი გიორგი ქართველიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ისინი ნატოში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე ზურაბ აბაშიძის განცხადებებს აპროტესტებენ – “ნატოში საქართველოს გაწევრიანება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას”, – აღნიშნა აბაშიძემ რია ნოვოსტისთან ინტერვიუში. ასევე, საუბარია აბაშიძის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ნატოს სასწავლო ცენტრი, რომელიც საქართველოში უნდა გაიხსნას, “არავითარ სამხედრო ფაქტორს არ შეიცავს. ისიც კი არ ვიცი, რამდენი ოფიცერი ჩაატარებს წვრთნებს”.
ქართველიშვილის აზრით, აბაშიძის პოზიციები საქართველოს მიერ დეკლარირებულ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის კურსს ეწინააღმდეგება. მისივე თქმით, აქციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სხვა არასამთაავრობო ორგანიზაციებიც: “სამართლის თაობა”, “კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა”, “აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა”, “თავისუფლების მხარდაჭერის ცენტრი”, “ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა”, “ქალები საქართველოს მომავლისათვის”.
“მეგობრებო, ჩვენ ბევრნი ვართ, ვისაც საქართველოს აწმყო გვტკივა და მომავალი გვადარდებს. ზოგისგან განსხვავებით, ვემსახურებით იმ საქმესა და იდეას, რასაც თავისუფალი და ევროპული საქართველო ქვია. ამოტომაც გამარჯვება ჩვენს ხელთ იქნება მარად! ჩვენი ძალა ერთობაშია და სწორედ ერთად ვაიძულებთ ხელისუფლებას აღასრულოს ქართველი ერის ნება! ხელისუფალმა აღიარა, რომ მის გეგმებში არანაირად არ შედის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ევროატლანტიკური მომავლის შენება. დადგა დრო, როდესაც პატრონმა ვალი მოსთხოვა და ისინიც არხეინად უსტუმრებენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტის ხარჯზე. 7 მარტს, 15 საათზე, სახელმწიფო კანცელარიასთან ერთად მოვითხოვთ კარასინი-აბაშიძის, ქვეყნის ძირგამომთხრელი დიალოგის ფორმატის გაუქმებას”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.