ახალი ამბები

გახარიას გაპრემიერება მხოლოდ გაზრდის პოლარიზაციას – ბრაიზა

9 სექტემბერი, 2019 • 1304
გახარიას გაპრემიერება მხოლოდ გაზრდის პოლარიზაციას – ბრაიზა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და დიპლომატი, მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას გაპრემიერება საზოგადოებაში პოლარიზაციას გაზრდის. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთთან” ისაუბრა “თბილისის საერთაშორისო კონფერენციის” მსვლელობისას.

ბრაიზას მიაჩნია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვების მაჩვენებელი  მაღალი იქნება როგორც სახელმწიფოს შიგნით, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რაც სავარაუდოდ, გახარიამაც იცის.

“მთავარი საფრთხე საქართველოსთვის ამერიკული საზოგადოების ძირითადი საფრთხის იდენტურია: ეს პოლარიზაციაა. ნათელია, რომ თქვენ უკვე გქონდათ პოლარიზაცია, როცა გავრილოვის ღამე მოხდა. ამის შემდეგ იყო ძალადობრივი პროცესები[20 ივნისის ღამეს]. თუ პერსონა, რომელიც პროტესტის მონაწილეების მიერ აღქმულია, როგორც ამ ქმედებებზე პასუხისმგებელი, პრემიერ-მინისტრი ხდება, რა თქმა უნდა, პოლარიზაცია მეტად წავა გაღრმავებისკენ. ეს საქართველოსთვის კარგი არ არის.

მაგრამ ვთქვაც ისიც, რომ სავარაუდოდ, ახალი პრემიერ-მინისტრი ამ ყველაფერს კარგად ხვდება და იცის, რომ [პროცესებს] აკვირდება ყველა: ქართველები, ამერიკელები, ევროპელები… მან შედეგი უნდა მოუტანოს გუნდს, რადგან არჩევნები მოდის. ვიცი, ეს ერთგვარად ოპტიმისტურად და ნაივურად ჟღერს, მაგრამ ეს არის ის, რისი იმედიც მაქვს, რომ მოხდება”, – აღნიშნავს ის.

კითხვაზე, იყო თუ არა მთავრობის ეს ნაბიჯი პროვოკაციული იმ ფონზე, როცა საზოგადოების ნაწილი თვეებია, გახარიას წინააღმდეგ გამოდის და ჯერ კიდევ არსებობს კითხვები 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით, ბრაიზა დასძენს:

“როგორც გითხარით, ეს ნაბიჯი მხოლოდ გააღრმავებს პოლარიზაციას. არ ვიცი, [გადაწყვეტილების] მიზანი არის თუ არა პროვოკაცია. ალბათ, მიზანი იყო, რომ შეერცხვინათ პროტესტის მონაწილეები, ეჩვენებინათ მათთვის, რომ უმჯობესია, არ იდგეთ ქუჩაში, რადგან უარესი წინაა. ვფიქრობ, მთავრობა ნამდვილად შეშფოთებულია, რომ ქუჩის პროტესტი არ გახდეს უკონტროლო. ყველას ახსოვს ვარდების რევოლუცია. არ უნდათ, ეს განმეორდეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი