ვოლსკის თქმით, კორძაიას, ისევე როგორც სხვა რამდენიმე დეპუტატს, გარკვეულ საკითხებზე ფრაქციის წევრების უმრავლესობისაგან განსხვავებული შეხდულებები ჰქონდა, თუმცა ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ფრაქციამ ზემოხსენებულ თემაზე იმსჯელოს.
“ეს აქტუალური თემა არ არის, რადგან დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას. თამარ კორძაია რჩება გუნდის წევრად”.
რუსთავი 2-თან საუბარში ფრაქციის კიდევ ერთმა წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ფრაქციაზე იმსჯელეს გუნდის შიგნით არსებული განსხვავებული მოსაზრებების თაობაზე და ამ კუთხით კორძაიაც ახსენეს, თუმცა ისიც ადასტურებს ვოლსკის სიტყვებს, რომ “გარიცხვის საკითხი” არ განხილულა.
თამარ კორძაიი “ოცნების” ფრაქციაში პირველად თვითმმართველობის კოდექსზე მიმდინარე მსჯელობის კონტექსტში გააკრიტიკეს, როდესაც ილია მეორემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს დაშლისკენაა მიმართული. პატრიარქის ამ განცხადებას პარლამენტიდან უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ განცხადებით პატრიარქი ზედმეტად ჩაერია სახელისუფლებო ფუნქციებში. კორძაიას მიერ “ალიასთან” მიცემულ ინტერვიუს, ასევე, უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი გამოეხმაურა და შეშფოთება გამოხატა. ჯაჭვლიანის განცხადებით, დეპუტატს პატრიარქის მიმართ მსგავსი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა.
გარდა ამისა, თამარ კორძაია უმრავლესობის წევრების ნაწილისაგან განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებდა ფარული მოსმენების კანონმდებლობის, ასევე, შუღლის გაღვივების კრიმინალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით.





