“შიმშილობის 36-ე დღეს პრეზიდენტისა და პრემიერის იურიდიულ საკითხებში მრჩევლებთან (კ.კოჟორიძე და კ.მახარაძე) შეხვედრის შემდგომ უვადოდ მსჯავრდებულებმა მიიღეს პირობა, რომ მათ მიმართ დაშვებულ სამართლებრივ/საკანონმდებლო დარღვევებთან დაკავშირებით დაიწყება მუშაობა. რის გამოც უვადოდ მსჯავრდებულებმა, გამოხატეს რა ნდობა პრეზიდენტისა და პრემიერის ინსტიტუტებისადმი, დროებით შეწყვიტეს შიმშილობის აქცია. რა თქმა უნდა, დაიტოვეს კონსტიტუციური უფლება აქციების განახლებისათვის იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ სამართალი და კანონი არ იქნება აღსრულებული. უღრმეს მადლობას ვუხდით არასამთავრობო სექტორსა და მასმედიას ჩვენი პრობლემების ობიექტურად გაშუქებისათვის”, – ნათქვამია პატიმრების განცხადებაში, რომელიც ნეტგაზეთს თამუნა გელაძემ გააცნო.
47-მა უვადო პატიმარმა შიმშილობის აქცია 26 იანვრიდან დაიწყო. საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებლებებში სულ 81 უვადო პატიმარი იხდის მსჯავრს, მათგან ოთხი ქალია.
ერთ-ერთი მოშიმშილე პატიმრის, გიორგი გელაძის ადვოკატის, ნინო ლალიაშვილის თქმით, უვადო პატიმრებისთვის, ისე როგორც სხვა კატეგორიის მსჯავრდებულების მიმართ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კანონი ჰუმანური გახდა. სისხლის სამართლის კოდექსი მათ მიმართ სასჯელის შემსუბუქებას ან გადაკვალიფიცირებას ითვალისწინებს.
„ნაციონალების მმართველობის პირველ ეტაპზე პატიმრობიდან 25 წლის გასვლის შემდეგ იყო ეს დასაშვები, მერე 20 წელზე ჩამოიყვანეს, ახლა კი – 15 წელზე. სწორედ ამ გარემოებაზე დაყრდნობით მიმართა შვიდმა უვადო პატიმარმა უდოს კომისიას, მაგრამ კომისია არც კი შეხვედრია ამ ადამიანებს, ისე გამოუგზავნა უარი. გამოდის, კანონის ნორმა ფარატინა ქაღალდზეა მხოლოდ“, – ამბობდა ნინო ლალიაშვილი ზემოხსენებული შიმშილობის აქციის დასაწყისში. უვადო მსჯავრდებულების უმრავლესობა – 63 პირი განთავსებულია გლდანის მე-8 დაწესებულებაში. მათი სახელით გიორგი მგელაძის ოჯახის წევრებმა განცხადება გაავრცელეს. ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ:
„აღმოფხვრილი იყოს ის დისკრიმინაცია, რომელიც დაშვებული იქნა ჩვენ მიმართ 28.12.2012 ამინისტიის კანონით, რომლის თანახმადაც მთლიანად და ნაწილობრივ (1/4-ით) მაინც შეუმცირდათ სასჯელი ყველა მსჯავრდებულს (მათ შორის ჩვენ მიერ ინკრიმინირებულ და მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირებს) უვადო მსჯავრდებულთა გარდა, რაც პირთა ჯგუფის სამართლებრივი მდგომარეობის ნიშნით დისკრიმინაციის აშკარა მაგალითია. ჩვენს მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის ვითარება, რომ შეწყალების დებულებასა და კოდექსის 72-73-ე მუხლებში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, არც შეწყალების კომისია და არც ადგილობრივი საბჭოები (ე.წ. UDO-ს კომისია) არ აკმაყოფილებენ უვადო მსჯავრდებულთა განცხადება-შუამდგომლობებს სასჯელის ზომის შემსუბუქების თაობაზე“.