ახალი ამბები

ველოსიპედით თბილისიდან ედინბურგში, ქართველი მორაგბეების საგულშემატკივროდ

7 სექტემბერი, 2019 • 1686
ველოსიპედით თბილისიდან ედინბურგში, ქართველი მორაგბეების საგულშემატკივროდ

სანდრო დათიშვილი საქართველოს რაგბის ნაკრების საგულშემატკივროდ თბილისიდან ედინბურგში ველოსიპედით ჩავიდა. თბილისში მცხოვრები სტუდენტის მოგზაურობით, რომელმაც 3 თვეზე მეტი დაჰყო გზაში, ტელეკომპანია BBC-ის შოტლანდიის სამსახური დაინტერესდა.

სანდრო დათიშვილი თბილისში ცხოვრობს და არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტია. ეს მისთვის პირველი მოგზაურობა იყო ველოსიპედით შორ მანძილზე.

ჯამში, 1 ივნისიდან 4 სექტემბრმადე მან 5 358 კილომეტრი გაიარა.

როგორც BBC წერს, მისთვის შთაგონების წყარო რაგბისა და ფეხბურთის შოტლანდიელი გულშემატკივრები იყვნენ, რომლებიც საქართველოს სტუმრობდნენ. იმ ფონზე, როცა საქართველოს ნაკრების მონაწილეობით საზღვარგარეთ მიმდინარე მატჩები ქართველ გულშემატკივართა დიდი რაოდენობით არ გამოირჩევა, გადაწყვიტა, მაგალითი ეჩვენებინა.

“მინდოდა, მეჩვენებინა, რომ შეგვიძლია, ნებისმიერ ადგილას ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს”, – ამბობს სანდრო ჟურნალისტთან საუბრისას.

რაგბის გულშემატკივარი დღეში, საშუალოდ, 120 კილომეტრს გადიოდა, კარავში ეძინა და რამდენიმე დღით ჩერდებოდა დიდ ქალაქებში. მოგზაურობისას მან თურქეთი, საბერძენთი, ბულგარეთი, სერბეთი და ავსტრია გაიარა. როდესაც გერმანიას მიაღწია, ბრიტანეთის ვიზაც მიიღო, შემდგომ საფრანგეთში ჩავიდა, იქიდან ლონდონში, ბოლოს კი ედინბურგში.

“ფიქრობდა, რომ თვითმფრინავით ჩამოსვლა მეტად მარტივი იქნებოდა და სურდა, სხვა რამ გაეკეთებინა ნაკრებისადმი მხარდაჭერის გამოსახატად”, – აღნიშნავს BBC-სთან საუბრისას სანდროს მეგობარი დაჩი, რომელიც ედინბურგში ინჟინერიას სწავლობს.

საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ნაკრებებს შორის ტესტ-მატჩი გუშინ, 6 სექტემბერს გაიმართა. მატჩი შოტლანდიელთა სასარგებლოდ, 9:36 დასრულდა.

გარეკანზე: სანდრო დათიშვილი. ფოტო: Facebook/Sandro Datishvili

მასალების გადაბეჭდვის წესი