ახალი ამბები

თურქეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსს “ტვიტერზე” პოსტების გამო 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

6 სექტემბერი, 2019 •
თურქეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსს “ტვიტერზე” პოსტების გამო 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთის “რესპუბლიკური პარტიის” სტამბოლის პროვინციის  ოფისის ხელმძღვანელს, ჯანან ქაფთანჯიოღლუს სასამართლომ 9 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პოლიტიკოსს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა სტამბოლში ოპოზიციის გამარჯვების წინა პროცესებში, გამოძიება ედავება სოციალურ მედიაში 6 წლის წინ დაწერილი პოსტების გამო.

ზემოაღნიშნულ პოსტებში ბრალდების მხარემ მთელი რიგი დანაშაულები დაინახა, რომელთაც პოლიტიკოსი უარყოფს. თავდაპირველად, ქაფთანჯიოღლუს 17 წლის თავისუფლების აღკვეთა ელოდა, თუმცა სასამართლომ სასჯელის ზომად 9 წელი, 8 თვე და 20 დღე განსაზღვრა შემდეგი ბრალდებებით: ტერორიზმის პროპაგანდა, საჯარო ოფიციალური პირების შეურაცხყოფა, თურქეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, თურქეთის სახელმწიფოს შეურაცხყოფა და საზოგადოებაში მტრობის გაღვივება.

პოლიტიკოსი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. შემდგომ ინსტანციაში განხილვამდე მას არ დააპატიმრებენ.

“თუ ყველა ინსტანციის სასამართლო პოლიტიკური ახირებების მიხედვით იმოქმედებს, სამწუხაროდ, ყველა [სასამართლო] პროცესი ამ ქვეყანაში ფორმალური იქნება”, – აღნიშნა მან და საქმის პოლიტიკურ კონტექსტზე მიანიშნა.

“27 წელიც რომ მომისაჯონ, სიმართლეს მაინც ვიტყვი. თქვენც შეგიძლიათ, ეძიოთ სიმართლე. როდესაც მას მიუახლოვდებით, თავს თავისუფლად იგრძნობთ. ჩვენ, ყველას, სიმართლე განგვათავისუფლებს”, – უთხრა მან ბრალდების მხარის წარმომადგენლებს.

როდესაც პროცესზე ბოლო სიტყვის წარმოთქმა მოსთხოვეს, ქაფთანჯიოღლუმ აღნიშნა, რომ არასდროს დათმობს თავის იდეებს, როგორიც უნდა იყოს განაჩენი. აღნიშნულის შემდგომ კი სასამართლოს შენობის გარეთ შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა:

“ფიქრობენ, რომ შეგვეშინდება, თუ ჩვენზე ზეწოლას განახორციელებენ. არ აქვს მნიშვნელობა, რად დაჯდება ეს, ჩვენ არ გავჩუმდებით მანამ, სანამ სასახლის [პრეზიდენტის] ჰეგემონიას არ დავასრულებთ”.

პოსტები, რომელთა გამოც ოპოზიციის წარმომადგენელს ედავებიან, მან “ტვიტერზე” 6 წლის წინ გამოაქვეყნა. გაზეთ “აჰვალის” თანახმად, ერთ-ერთში ის ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა ხოცვას ცნობდა და წერდა:

“სომეხთა გენოციდი ისტორიაში დღეს დაიწყო. ჩვენს სომეხ მოქალაქეებთან ერთად ვიხსენებთ მათ, ვინც დახოცეს”.

მეორე პოსტში, რომელიც 2013 წელს დაწერა, ქაფთანჯიოღლუ გმობდა პარიზში სამი ქურთი ქალი აქტივისტის მკვლელობას, რომელთაგან ერთ-ერთი თურქეთში მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების, “ქურთისტანის მუშათა პარტიის” დამფუძნებელი წევრი იყო.

“ადამიანთა ისტორია ქალებით იწყება. ადამიანობა აგებს იმის გამო, რასაც ქალებს უკეთებენ”, – წერდა ის.

ჯანან ქაფთანჯიოღლუ განსაკუთრებით პოპულარული გახდა თურქეთის 2019 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის სტამბოლის პროვინციის ოფისის ხელმძღვანელი, აქტიურად მონაწილეობდა კამპანიაში იმ დროისთვის მერობის კანდიდატთან, ექრემ იმამოღლუსთან ერთად, რომელმაც საბოლოოდ დაამარცხა პრეზიდენტ ერდოღანის პარტია.

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, ქემალ ქილიჯდაროღლუმ, სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მმართველი პარტიის შურისძიებად შეაფასა სწორედ მისი დამარცხების გამო სტამბოლსა და სხვა ქალაქებში.

ფოტო გარეკანზე: Ahvalnews

მასალების გადაბეჭდვის წესი