ახალი ამბები

დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება – ზურაბიშვილი პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებაზე

6 სექტემბერი, 2019 • 1089
დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება – ზურაბიშვილი პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიციელის მკვლელობისათვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, საზოგადოებაში ზემოაღნიშნული ფაქტის გამო გაჩენილი ვნებათაღელვის შემდეგ, გამოდის ინციატივით, დაჩქარდეს შეწყალების უფლების გამოყენების კრიტერიმუმების დახვეწა.

“შეწყალების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული დეტალების, გარემოებების და მოტივაციის საჯარო განხილვა ვერ მოხდება. თუმცა ჩემთვის ჩამოსვლისთანავე ცხადი გახდა, რომ ჩემ მიერ გამოცემული შეწყალების აქტი, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რამეთუ შეწყალების აქტმა, წესით, პრეზიდენტის და საზოგადოების ერთიანი სულისკვეთება უნდა ასახოს და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იქნას გაზიარებული როგორც ჰუმანური აქტი; ის არ უნდა გახდეს მათ შორის უნდობლობის საფუძველი.

იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა ის შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა.

დაბოლოს, ზოგმა რეაქციამ კითხვის ქვეშ დააყენა პოლიციის ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულება. სწორედ ამიტომ, აუცილებლად მიმაჩნია ამ საკითხზე ჩემი კატეგორიული და ურყევი პოზიციის გამოხატვა, რაც არაერთხელ გამიკეთებია ყველაზე საჭირო მომენტებში. არაერთხელ განვაცხადე, რომ პოლიცია სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება ჩვენი პოლიციელების ერთგულებაზე და თავდადებაზე არის დაფუძნებული.

ამიტომ, თუ ჩემი გადაწვყეტილება პოლიციის შეურაცხყოფად იქნა აღქმული, მე მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და დავპირდე მათ, რომ არ დავუშვებ, კითხვის ქვეშ დადგეს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, პოლიციის ინსტიტუტის მიმართ სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება”, – აღნიშნავს ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის ერთ-ერთი რამაზ დევაძეა. იგი ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

საუბარია 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ „ლეგასში“ 22 წლის პოლიციელის მკვლელობაზე. მკვლელობის ღამეს პოლიციელი კლუბში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა მას თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, თარაშ მუკბანიანს კონფლიქტი მოუვიდა რამაზ დევაძესა და მის თანხმლებ პირთან, რა დროსაც მას წაართვეს იარაღი. პოლიციელი სწორედ ამ იარაღიდან გასროლით დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი