ახალი ამბები

მოქალაქეების ჯგუფი აზერბაიჯანული სკოლების ქართულენოვან სკოლებად გადაკეთებას მოითხოვს

2 მარტი, 2015 • • 1547
მოქალაქეების ჯგუფი აზერბაიჯანული სკოლების ქართულენოვან სკოლებად გადაკეთებას მოითხოვს

ღია წერილში, რომელსაც ხელს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები აზერბაიჯანელი აქტივისტები აწერენ ხელს, აცხადებენ, რომ იმავე პოლიტიკის გაგრძელებით აზერბაიჯანული მოსახლეობა მომავალშიც უცხოდ იგრძნობს თავს საკუთარ ქვეყანაში. 

 

“ქვემო ქართლის სკოლებში ქართულენოვანი სწავლება დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან უნდა დაწყებულიყო. მაგრამ დღემდე ვერც ერთმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება ვერ გამოხატა და ეს ნაბიჯი ვერ გადადგა, ყოველმა ხელისუფლებამ ეს მძიმე გადაწყვეტილება გადაულოცა მის მომდევნოს. შედეგად კი მივიღეთ, სამასი ათასამდე (300 000) საქართველოს მოქალაქე, რომელმაც არ იცის ქართული ენა და საკუთარ სამშობლოში უცხოდ არის გადაქცეული”.


ღია წერილის ავტორები იმედოვნებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი “ამ პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად მიიღებს და გაატარებს შესაბამის ზომებს”.

 

“სკოლებში მიმდინარე აზერბაიჯანულენოვანი გაკვეთილები და მასწავლებელთა უმეტესობის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური და კულტურული პროცესებზე ინფორმაციის არქონა, შედეგად გვაძლევს პედაგოგებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საკმარისი ინფორმაცია მიაწოდონ საკუთარ მოსწავლეებს საქართველოს და ქართული ენის შესახებ. რაც იწვევს, როგორც მასწავლებლების, ასევე მათი მოსწავლეების ორიენტაციას ლოკალურ დონეზე და ყველაზე კარგ შეთხვევაში, აზერბაიჯანის სახელმწიფოზე. ზოგიერთ სკოლაში მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის პორტრეტების და დროშების არსებობა ამის ნათელი დასტურია”.

 

ღია წერილში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული სკოლების სასკოლო განათლებაში რელიგიის სფეროს შემოჭრაც პრობლემას ქმნის.

 

“ნაცვლად თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებისთვის არსებული ღირებულებების ექსპორტისა, აღნიშნული პედაგოგები ხელს უწყობენ მოსწავლეების რელიგიურ რადიკალიზაციას. მარნეულის ერთ-ერთი სოფლის სასულიერო პირი (მოლა), ამავე დროს, ამავე სოფლის სკოლის ინგლისურის მასწავლებელია, ჩვენი აზრით, ზემოთ მიმდინარე მსჯელობისთვის საკმარისი არგუმენტია”.  

 

იმ შემთხვევაში, თუკი ხელისულება ზომებს არ მიიღებს, მოქალაქეების ჯგუფი მიიჩნევს, რომ პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდება.

 

“როგორ გაიზიარონ თანამედროვე ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები? როგორ უნდა გახდნენ საქართველოს მოქალაქენი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით?  როგორ გახდებიან პატიოსანი საჯარო მოხელეები, ან უბრალოდ, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი წევრები? როგორ შეძლებენ სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში თავისი ღირსეული წვლილის შეტანას, როგორც ამ ქვეყნის შვილები? უბრალოდ, როგორ გაუსისხლხორცდებიან საქართველოს, როგორც საკუთარს და ერთ მთლიანს? ოკუპირებულ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე მეტად ყარაბახის პრობლემაზე მათი წუხილი ამის სამწუხარო, მაგრამ ნათელი ილუსტრაციაა.

 

ბატონო პრემიერო, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში აღნიშნული მასწავლებლებიც ვეღარ გააგრძელებენ მუშაობას და აზერბაიჯანულენოვანი სკოლები ან დაიხურება, ან ქართულენოვანი გაკვეთილებით ჩანაცვლდება. ჩვენ არ ვისურვებდით, რომ სკოლების ქართულ ენაზე გადასვლა მძიმე და გამოუვალი სიტუაციით დამდგარი შედეგი იყოს, პირიქით, ჩვენი სურვილია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ხელისუფლების მიერ ქვეყნის განვითარებისათვის შექმნილი საერთო პროგრამის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე”, – წერია ღია წერილში. 

 

აზერბაიჯანულენოვნი სკოლა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში. ფოტო: ნეტგაზეთი
აზერბაიჯანულენოვნი სკოლა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში. ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი