ახალი ამბები

ამ ტყვიებს ყოველთვის გამოვიყენებთ, როცა ინსტიტუტები და მოქალაქეები იქნებიან დასაცავი – გახარია

6 სექტემბერი, 2019 • 1721
ამ ტყვიებს ყოველთვის გამოვიყენებთ, როცა ინსტიტუტები და მოქალაქეები იქნებიან დასაცავი – გახარია

გიორგი გახარიას თქმით, ამჟამინდელი გადმოსახედიდან, 20 ივნისის მოვლენების დროს “გარკვეულ პროცედურებს” შეცვლიდა. თუმცა კითხვაზე, ისევ გამოიყენებდა თუ არა კონკრეტული ტიპის ტყვიებს, პრემიერობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ეს ყოველთვის მოხდება “თავდამსხმელებისა” და “შტურმის” მოსაგერიებლად.

შესაბამისი კითხვით გახარიას “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა მიმართა. ნადირაშვილმა აჩვენა კონკრეტული ტიპის ტყვიის ფოტო, რომელიც აქციაზე გამოიყენეს და აღნიშნა, რომ მას დართული აქვს წარწერა “ნაკლებად ლეტალური”. გახარიამ დეპუტატი ტყუილში დაადანაშაულა და უწინდელის მსგავსად აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ტყვიები არალეტალურია.

“მე ჩემი მოსაზრება აქ არ მომიტანია. მე მოვისმინე მათ შორის არაერთი სამხედრო ექსპერტის აზრი და მათი განცხადებები იყო, რომ ეს ტყვიები იყო ლეტალური. ვიტყუები თუ არ ვიტყუები, ადამიანები ვიცი, ვინც დაზარალდნენ, რეანიმაციაში იწვნენ და ახლა როგორია მათი მდგომარეობა, არ ვიცი. ასე რომ, ასე ცალსახად მაგას ნუ იტყვით”, – უპასუხა ნადირაშვილმა გახარიას და ჰკითხა, დღევანდელი გადასახედიდან მიაჩნია თუ არა, რომ “ამ ტიპის ტყვიების გამოყენება იყო შეცდომა ან დანაშაული”.

პრემიერობის კანდიდატმა თქვა:

“დღევანდელი გადმოსახედიდან ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეულ პროცედურებს შევცვლიდი. აგიხსნით, რას ვგულისხმობთ: არის გარკვეული ინსტრუქციები სხვადასხვა სახის სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით. მაგრამ სრულად ვერ ამოვიღებდი და ესეც უნდა აგიხსნათ, რატომ.

მაგალითად, ამ 20-ის შემდეგ იყო ასეთი შემთხვევა რუსთაველზე, როცა ერთ  მხარეს იდგა პოლიტიკურად ანგაჟირებული ერთი ჯგუფი, მეორე მხარეს იდგა მეორე ჯგუფი. პოლიცია ბატონ გიგას სთხოვდა, რომ იქნებ ახლო კონტაქტის არდაშვების და რისკების არშექმნის გამო დარჩეთ პუშკინის სკვერში. ბატონმა გიგამ თქვა, რომ არაო, აუცილებლად უნდა მივიდე და მათ წინაშე გამოვხატო პროტესტიო.

ეს არალეტალური რეზინის ტყვია არის იმისთვის, რომ მარტო ბატონი გიგა კი არ დავიცვათ, მაშინ როდესაც აქეთ, ბნელებს როგორც ეძახით…” – გახარიას ნადირაშვილმა სიტყვა შეაწყვეტინა და მოუწოდა, კონკრეტული პასუხი გაეცა მის კითხვაზე, რის შემდეგაც პრემიერობის კანდიდატმა განაცხადა:

“ამ ტყვიებს ყოველთვის გამოვიყენებთ მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტების და მოქალაქის ჯანმრთელობის შტურმისგან, თავდამსხმელებისგან  იქნება დასაცავი”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი